წუხანდელი ჩაღვრილი ჩაით დანესტიანებულ ლოგინში დაწერილი პოსტი

1459720_255335867947372_850288406_n

რამდენი რამის დაწერა მინდა ახლა… მახსოვს, სადღაც 2008 წლის ერთ-ერთ საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, ავტობუსში ქალი შემოტრიალდა და შარიანი ხმით მისაყვედურა: “აუ, ნუ უსტვენთ, რა!” ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გულში გავიფიქრე, რომ “სტვენ” იყო სწორი ფორმა და არა “უსტვენ”. არა და პიანისიმოზე ვსტვენდი ისე ჩუმად, თან ყველაზე ღვთაებრივ არიას.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სპექტაკლზე ტექსტი დამავიწყდა, სცენის შიში დამჩემდა. ფეხს შევდგამდი თუ არა, თავში ყველაზე ცუდი და უხერხული სიტუაციები მეხატებოდა, თუ როგორ დამცინის მაყურებელი, როგორ ვწითლდები სირცხვილისგან და როგორ მემართება გულის შეტევა. მიკვირს, რომ სტვენისას ასე არასდროს დამმართნია. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სიახლის თქმა ასეთნაირად უფრო ადვილია, ვიდრე საუკუნეებგამოვლილი სამსახიობო ოსტატობით.

სტვენისას “დაგჭირდებათ” ტუჩები, ენა, კბილები, გულ-მკერდი და მუცელი. ამათზე ჰაერის წნევის მონაცვლეობით მიიღებთ ბგერას, რომელსაც ტვინი ყურის მეშვეობით აკონტროლებს. სასიმღერო ვოკალისგან განსხვავებით, სტვენითი ბგერა ადამიანის სხეულის გარეთ წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ტუჩებს გამოსცდება. მღერის დროს კი მუსიკალური ბგერა ჯერ ხორხსა და პირის აპარატში ჟღერს და მერე – გარეთ. ამიტომ იგი სხეულის შიგნიდანაც გვესმის და გარედანაც, რითაც უფრო ადვილია მისი კონტროლი, ყალბი ნოტი რომ არ აიღო. ერთი სიტყვით, სტვენა უფრო რთულია.

ყოველთვის მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მნდომებია, ვყოფილიყავი ხელოვნური. არ შემიძლია, კარგად ვაკეთო ის, რაც არ მსიამოვნებს, და ხელოვნურობა – არ მსიამოვნებს.

დღეს საღამოს “ბრავოს” ლაივია, ჩემი ლაივი. დიდხანს ველოდი ამ დღეს. ვიღაცებისთვის ეს მეგაშოუა, ზოგისთვის შეჯიბრება, ჩემთვის კი ეს ლამაზი საღამოა, რომელზეც მექნება პატივი, კიდევ ერთხელ დავუსტვინო ორკესტრთან ერთად. ჩემი კონკურენტი ჩემი მეგობარია და, მიუხედავად უხერხულობისა, გულის სიღრმეში მიხარია, რომ ძალიან ძლიერ შემსრულებელს ვეჯიბრები. თან ლობისტიც მაგარი შემხვდა. ანუ ისე არ არის, აბა, გავუღიმეთ კამერას და მერე პაკაა. ვწერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს და ძალიან კარგია ეს.

დღეს, ალბათ, ვიქნები სევდიანი. არ ვიცი, ვნახოთ. სევდაც კარგია ხოლმე, ისევე, როგორც მხიარულება. თქვენ კი, ვისაც “ჩემი კუკარაჩა” გინახავთ და იცით, რომ არც ფეხი მაკლია, არც ხელი, არც, მადლობა ღმერთს, მძიმე ავადმყოფი არ ვარ და არც მასკულტურის ჟანრს ვასრულებ, შეგიძლიათ, დამირეკოთ ნომერზე 0 903 300 301. თუ ფული არ გაქვთ და ა.შ., მაშინ უფასოდ შეგიძლიათ, მომცეთ ხმა ამ ბმულზე.

წავედი ახლა, მივხედო საქმეს … :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »