ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

როგორც იქნა, თავისუფალი ვარ! უფრო სწორედ, დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ჩემს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში. ერთი წელი გავიდა, რაც თბილისიდან ფეხი არ გამედგა… მაგარია თავისუფლება… მით უმეტეს, როცა დასვენება პირდაპირ ბათუმის კინოფესტივალზე მაქვს “მისჯილი”.

შემოდგომის მზე, ზღვა და ბევრი, ბევრი ფილმი – ასე იწყება ჩემი არდადეგები. უკვე მესამე დღეა, ბლოგერები ბათუმში ვართ და ზოგიერთმა ახლაღა მოვიცალეთ საპოსტაოდ… ყოველ წუთას ახალ-ახალი რამ ხდება. დაბინავება, ამობარგება, გარემოსა და ფესტივალის განრიგის გაცნობა, სმა-ჭამა დიდად შესარგი… მთელი ეს დღეები ასეთ ორომტრიალში ვართ და, მგონი, ნელ-ნელა ვლაგდებით.

ახლა ფილმები: ფესტივალი ირჟი ჰოფმანის ფილმით “ვარშავის ბრძოლა, 1920” გაიხსნა. რაც ძალიან გამიკვირდა, არტ-ჰაუსის ფესტივალზე 3D ფილმის გამოჩენაა, ხოლო რაც ძალიან გამიხარდა, ისევ ეს ფილმია, რადგან, პირველად ვნახე ხარისხიანი სამგანზომილებიანი ფილმი და ეფექტებითაც ვისიამოვნე.

სხვა საქმეა, რამდენად მომეწონა. ზოგადად, ფილმი, როგორც პროდუქტი, არის კარგი საჰოლივუდე ნაწარმი, რომლის სპეც-ეფექტები ნამდვილად შთამბეჭდავია. მეორე მხრივ, ფილმი აგებულია ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტზე, რომელიც პოლონეთისა და ახლადჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს ეხება. სანახაობრივად უაღრესად დატვირთული და რეალისტური სურათის პარალელურად ფილმი პათოსით ისეა გაჟღენთილი, როგორც ხილის ტორტის ბისკვიტი – სიროფით. მუსიკაც, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კარგია, პოლონური პათოსის გაძლიერებას ემსახურება. საბოლოო ჯამში, მეგონა, “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურებდი, ოღონდ “ვარშავის ბრძოლა, 1920” მას ყველა ნომინაციასა და ასპექტში ხერხემალში ამტვრევს… ერთადერთი, რაც ამ მომენტამდეც ვერ გამიგია, ამ ფილმის მაინცდამაინც ახლა გადაღების მოტივია.

ფესტივალის მეორე დღეს სამ ფილმს ვუყურე, რომელთაგან ერთი დოკუმენტური იყო, ორი – მხატვრული.

პეტრ ლომის დოკუმენტური ფილმი “ისევ მოედანზე” ეგვიპტის “ხავერდოვან რევოლუციას” ეხება. მუბარაქის რეჟიმი დასრულდა და ქვეყანას სამხედრო ხელისუფლება მართავს. ანუ ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც წარმომედგინა. კვლავ ხშირია ძალადობისა და თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილს სურს, დემოკრატია ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდეს და ისევ საპროტესტო აქციებს უბრუნდება. ამ ყველაფერმა კი ჩვენი ქვეყნის არც თუ ისე შორეული ისტორია გამახსენა…

მეორე მსოფლიო ომის ერთი ძალიან საინტერესო და აუთენტური პოლონური ისტორიაა მოთხრობილი აგნეშკა ჰოლანდის ფილმში “სიბნელეში”. გადაჭარბების გარეშე, ფილმმა ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, რადგან სულ სხვა და აქამდე უცნობი ფაქტები დამანახა. პოლონელი “შინდლერის” მიერ ქალაქის კანალიზაციაში გადამალულმა ებრაელების ცხოვრებამ, მათმა ბრძოლამ გადარჩენისათვის და, ამასთანავე, მათმა უმადურობამ ძალიან გამაკვირვა. თუმცა, საბოლოოდ, ნაცისტები მარცხდებიან და ბნელეთში გამომწყვდეული ებრაელებიც მზის სინათლეს იხილავენ.

ყველაზე მეტად, რის გამოც ფილმი დავაფასე, ადამიანთა ნეიტრალური კუთხით წარმოჩენა იყო. ყველა დგამს დადებით და უარყოფით ნაბიჯებს, ცდება, კლავს, ან კიდევ, საკუთარ თავს სხვის კეთილდღეობას სწირავს.


ევა ნეიმანის ფილმი “სახლი კოშკურით” ჩემი ფავორიტია. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ამ ორი დღის განმავლობაში მასზე საინტერესო და კარგი ფილმი არ მინახავს.

საოცარი კადრები, საოცრად ბუნებრივი და აუთენტური სახეები, საოცარი ქვეტექსტები, მეორე მსოფლიო ომის დროს მოშიმშილე რუსი გლეხობა და პატარა 8 წლის ბიჭი, რომელიც ცივი და გაუსაძლისი ზამთრის პირისპირ სრულიად მარტო აღმოჩნდა… აქვე იმასაც ვიტყვი, რომ იშვიათად მაქვს სტატიკური ფილმების ყურების ნერვები და “სახლი კოშკურით” აღმოჩნდა ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელმაც სრულიად დამატყვევა. ფილმის შემდეგ ერთადერთი, რაც მომინდა, მარტო დარჩენა და ბევრი ფიქრი იყო. ფიქრი კი ამ ფილმის შემდეგ ნამდვილად გარანტირებული გაქვთ.

აქ ვამთავრებ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებას და ფესტივალის გახსნაზე მოწვეული მომღერლის, სუზანა ბერივანის სიმღერას გიტოვებთ. დროებით :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით

  1. Pingback: ფილმიები დიდი დოზით და ბევრი კოვზით |

  2. Pingback: ახალი ბათუმი | Zurriuss.Ge

  3. Pingback: მე 8.12.2012Zurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  4. Pingback: გუდ ბაი, 2012!Zurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  5. Pingback: BIAFF 2013 დაიწო | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »