ბელა ტარის მარტოობის 6 დღე

ადამიანი, რომელიც რეალურად ფლობს საუბრის ხელოვნებას და რომელიც ვერ იტანს ჟურნალისტებს… ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ადამიანი, რომელიც ქმნის შედევრებს (კიდევ კარგი, ჩემი სიტყვები არ არის), მოვიდა, გვითხრა, რომ “ტურინის ცხენი” მოსაწყენი ფილმია და გაძლება გვისურვა. მეც, როგორც არტ-ჰაუსებში ახლად ფეხადგმულს, ყველაფერი ეს დავიჯერე და ფილმის საყურებლად ისე წავედი.

ყველაზე მთავარი, რაც ამ ფილმიდან ვიგრძენი, უსაზღვრო მარტოობა იყო. ომივით შემტევი და გამანადგურებელი ერთფეროვნება, რომელიც სულისშემძვრელი სტატიკურობით გახრჩობს და მარტოობას გისჯის. “ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა და მასში სიმბოლიკა არ უნდა ეძებო” – თქვა ბელა ტარმა და “ტურინის ცხენის” პირდაპირი აღქმა გვირჩია.

ფილმში ასახული ყოფა მაყურებელში, თითქოს, თანაგრძნობას უნდა იწვევდეს, მაგრამ ასე არ ხდება. პერსონაჟები თავადვე ბლოკავენ ყველა პოზიტიურ  იმპულსს. მათ არაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, გარდა რამდენიმე ყოფითი ფრაზისა და მათაც ემოციის ნატამალი არ სცხიათ. ისინი თითქოს მთვარეულებივით დაეხეტებიან და ყველაფერს ინსტინქტურად აკეთებენ. გადის დღეები და არაფერი იცვლება, გარდა რაკურსისა.

ფილმში ერთადერთი მონოლოგია, რომელიც მონოტონური და დამღლელი სცენების ფონზე ოაზისად გვეჩვენება. მთელი სიუჟეტის აზრიც და ახსნაც აქ დევს. თუ ამ პერსონაჟის გამოჩენამდე ფილმში რაღაცას ელოდი, მისი წასვლის შემდეგ დარწმუნებული რჩები რომ ის რაღაც არ მოვა. იმიტომ, რომ არც არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიგონეთ. და ვინაიდან ახლა ეს ვიცით, მარტოონი ვართ ყველაფერ იმის წინაშე, რასაც ყოველდღე ვანგრევთ… ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

ბელა ტარმა კინოდან წასვლის შესახებ ასე გვითხრა: “როცა უკვე ყველაფერი თქვი, უმჯობესია პირი დამუწო. და თუ მოიპოვე ის რაღაც, რაც გაძლიერებს და გაძლევს წინააღმდეგობის გაწევის ძალასა და ენერგიას, ნიშნავს, რომ მე ჩემი საქმეს თავი კარგად გავართვი.” თითქოს ამით არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს, მაგრამ როცა ადამიანი საკუთარი კარიერის ფინალად “ტურინის ცხენს” ირჩევს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდების მწვერვალის შემდეგ გამაყრუებელი სიჩუმე და მარტოობა სუფევს.

ჩემი აზრით, ბელა ტარის “ტურინის ცხენი” დიდების მწვერვალიდან დანახული გამაყრუებელი სიჩუმე და მარტოობაა, რომელიც უკიდეგანოდ გარდაუვალია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ბელა ტარის მარტოობის 6 დღე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »