ისტორიული ქალაქი, რომელშიც ისტორიულ ფილმს ვერ გადაიღებ

Все_ушли_(02)

ყველაფერი შარშანდელი “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიდან” დაიწყო, როცა სერგო ფარაჯანოვის შვილის, გიორგი ფარაჯანოვის ფილმ “ყველა წავიდას” ვუყურე. ფილმი ძველი თბილისის მოგონებებზეა, სადაც რეალობა და მისტიკა თანაბრადაა შეზავებული. ფილმით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ახლა მის განხილვას აქ არ დავიწყებ. მე სულ სხვა რამემ დამწყვიტა გული: 1500-წლოვანი ქალაქის ვერც ერთ უბანში წესიერ ძველ ფილმს ისე ვერ გადაიღებ, რომ ირგვლივ უცვლელი გარემო იყოს.

paradjanov

წელს “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე” ნაჩვენები იყო სერჟ ახვედიკიანისა და ოლენა ფეტისოვას ფილმი “ფარაჯანოვი”. როგორც ხვდებით, ზემოთ ნახსენები რეჟისორის მამაზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი, ასეთ ფილმს არ მოველოდი. შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ადამიანით ბოლო დროს დაინტერესებული ვარ და ფილმმა, ფაქტობრივად, ფარაჯანოვის ვიკიპედიური შესწავლისგან მიხსნა. თუმცა, მეორე მხრივ, სიუჟეტმაც, კადრებმაც და მსახიობებმაც კარგად თქვა სათქმელი. ეგ კი არა, თვითონ ფარაჯანოვის როლის შემსრულებელი ისე ჰგავდა პროტოტიპს, ზოგჯერ ნამდვილიც კი მეგონა.

ძალიან კარგად იყო გადაწყვეტილი “საიათ ნოვას” კადრები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით, რომლებშიც ფარაჯანოვი კომპიუტერული დამუშავების წყალობით ჩნდება. თვალწინ გამიცოცხლდა ის, რასაც ფაქტობრივად ვერ მოვესწარი: ძველი სოვეტსკი სოიუზი თავისი ცენზურის საცეცებით, რომელიც მზადაა, პიროვნული თავისუფლების ყველანაირი გამოვლინება ჩანასახშივე აღკვეთოს. და ამ დროს ჩნდება ერთი უბრალო ნიჭიერი სომეხი, დაბადებული თბილისში, რომელიც ცხოვრობს თავისი მშობლების ძველ სახლში და ბედნიერია, რომ ზოგჯერ ქოლგითაც სძინავს, რადგან, როცა წვიმს, ჭერიდან წყალი წვეთავს. ასე ახასიათებს მთავრი გმირი საკუთარ თავს ფილმის ბოლოს და, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია: როცა ადამიანი ბედნიერია იმით, რაც გააჩნია, მისი დამარცხება შეუძლებელია.

paraj

ფილმი გადაღებულია უკრაინაში, საფრანგეთსა და სომხეთში. მასში ასევე ჩანს თბილისიც და ყველაზე “შებოჭილი” სცენები სწორედ აქ მომხვდა თვალში. კამერის დიდ მანძილზე გადაადგილება მინიმუმამდეა დაყვანილი, თითქმის არ არის პანორამა. ეტყობა, რომ ძველი ხედები საგულდაგულოდაა მოძებნილი და შერჩეული. იმიტომ, რომ თბილისში ჭეშმარიტად ძველი თითქმის აღარაფერი დაგვრჩა. ყველგან, ყველა კუთხეში რაღაც თანამედროვეს წამოუყვია თავი: ან დენის გამანაწილებელს, ან ნაციონალების აღმნიშვნელს ბოძს, სკამს, ინფო დაფს, ან სულაც შეღებილ ფასადს, ფსევდო ძველ შენობას, ისეთ საგნებს, რომელთაც ვერ მოაშთობ და კადრში მოხვედრისასაც ყველაფერს აფუჭებს. “ფარაჯანოვში” ასეთი იძულებითი ლაფსუსები ცოტაა, თუმცა დატვირთვა ხედებისა და სცენების ჩაკეტილობაზე მოვიდა. პოსტის თავში ნახსენებ ფილმში კი რეჟისორმა საპირისპირო არჩევანი გააკეთა. რომელი უფრო სწორია, ამას მე არ ვწყვეტ, თუმცაღა პირველი ფილმი ნაკლებად მომეწონა და ამის ერთ-ერთი მიზეზი  არააუთენტური გარემოც იყო.

foto-yri-mechitova3

ფილმში მეჩითოვის მიერ გადაღებული ამ ფოტოს გაცოცხლების იმედი მქონდა, მაგრამ, ეტყობა, ეს ადგილი დღეს ძალიან შეცვლილია.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საუკუნოვანი ქალაქის ყველაზე ძველ უბნებშიც კი (სოლოლაკი, აბანოთუბანი, მთაწმინდა, ავლაბარი) ფაქტობრივად ვერ შეხვდებით ისეთ ადგილს, სადაც 30 მეტრის მონაკვეთში გარემო ძველი სახით იქნება შემორჩენილი. იმიტომ, რომ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე არც (ერთი) ხელისუფლება ზრუნავს და არც მოსახლეობა. ვერც ერთი ვერ აცნობიერებს იმ არქიტექტურის ფასეულობას, რაც რეალურად კავშირშია ისტორიასთან და იმ ხალხთან, რომელთაც მოწიწებით ვიგონებთ. სამაგიეროდ მათზე ნორმალურ ისტორიულ ფილმს ვერასდროს გადავიღებთ და ძველი თბილისის გამოგონება პავილიონებსა და სამგანზომილებიან სტუდიებში მოგვიწევს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ისტორიული ქალაქი, რომელშიც ისტორიულ ფილმს ვერ გადაიღებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »