ბერლინი – რატომ?

ბერლინში მდინარე შპრეეზე ნავით გასეირნებაც არაა ცუდი აზრი. ულამაზეს 1 საათს გაატარებთ.

“იმედის დილის” ჩემთვის პირველი სეზონი დასრულდა და 2 თვით ადრე გულისფანცქალით ნაყიდი ბილეთების აფრიალების დროც მოვიდა. თვენკენ არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ბილეთებს ადრე რომ ვყიდულობ, გამგზავრების დრო რომ მოახლოვდება, რაღაცნაირად მავიწყდება ის ეიფორია, რაც მელის. ასე დადგა ბერლინის ჯერი და ამ პოსტში გიამობობთ ამ ქალაქის დანიშნულებას, რომელიც ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბერგჰაინები, მუზეუმები, მაღაზიები და ა.შ. მაგ ყველაფერს ისედაც ნახავთ.

თუ ამ მწვანე ქალაქში წიმწვანე და ბუნების ხმები შემოგაკლდათ ან, უბრალოდ, ჟირაფი არასდროს გინახავთ, აუცილებლად დაათვალიერეთ ზოოპარკი. თან ცხოველები აქტიურები და მხიარულები არიან, ჩვენთან რომ დასტრესილები წვანან კუთხეში, ეგრე არ არის. ზოოპარკი ცალკე სამყაროა აქ.

პირველად აქ 2018 წლის მაისში ჩავედი, ჩემი ევრომოგზაურობის ბოლო  გაჩერებაზე. მაშინ სულ 2 დღეს დავყავი და მთლად ბოლომდე ვერ ვისიამოვნე. რომელიღაც ჰოსტელში რაღაც ბაღლინჯომ დამკბინა და ფუთქებით გავიღვიძე, რომებიც ნელ-ნელა იმატებდნენ და ბოლოს ხელის თითებიც კი დამიფარეს. ასე რომ, ფოტოებში ბოლომდე შეფუთული ვიყავი. სამაგიეროდ, ვნახე მუზეუმები და მხოლოდ კონკრეტულად ერთ ექსპონატად მიღირს ბერლინის ყველა მუზეუმი – ნეფერტიტი.

ამ ქალზე უამრავი შემიძლია, ვწერო და ვისაუბრო, ცალკე, როგორც მონარქზე და ცალკე, როგორც ქანდაკებაზე. ბევრ დროს წაიღებს, ამიტომ მოკლედ გეტყვით: შედიხართ ახალ მუზეუმში (Neues Museum), აირბენთ ცენტრალურ კიბეს, მერე მარჯვნივ ეგვიპტურ დარბაზში და სულ ბოლოს მიადგებით მას. ფოტოს არ გადაგაღებინებენ. უბრალოდ მიდით და უყურეთ. ჩახედეთ სავსე მარჯვენა და ცარიელ მარცხენა თვალში და მითხარით, რა განცდა დაგეუფლებათ. მე ვიტირე.

ბერლინის კედლის ნარჩენების უკან ტერორის ტოპოგრაფიის მუზეუმია. შესვლა უფასოა.

ლამაზი ქალაქია ბერლინი? რავი, რა გითხრათ. მაგაზე ლამაზი ქალაქები ვედრო მანეთადაა, მაგრამ ბერლინს მისი ისტორია და დანიშნულება ალამაზებს პირადად ჩემთვის. პრუსიის დედაქალაქი, რომლის თაოსნობითაც ოტო ფონ ბისმარკმა გერმანია კიდევ ერთხელ გააერთიანა, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მიწასთან გაასწორეს, მერე შუაზე გაყვეს, ერთმანეთის ჯიბრზე აღადგინეს, მერე გააერთიანეს და დღეს ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქია. ბერლინი თვითონ ევროპაა – ევროპის დაპყრობა უნდოდა და მერე თითქმის მთელი ევროპა ჩაერია მის დაგეგმვა – აღდგენაში.

ებრაელების მუზეუმში წადით, თუ დრო გექნებათ. გენოციდის მემორიალი სხვაა. თანამედროვე ხელოვნებისა და ემოციის ზეიმია.

ბერლინის არქიტექტურული სიჭრელის მიზეზი უკეთ რომ გაიგოთ, კიდევ გეტყვით რამდენიმე ფაქტს: მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე ელექტროენერგიით მარაგდებოდა და ტრანსპორტის მოდერნისტული გადაწყვეტილებები დაინერგა. ამიტომაცაა შიდა მატარებლის სადგურები აღმართული მაღალ პლატფორმებზე და რკინის კონსტრუქციით გადახურული. ინდუსტრიის განვითარება ბუნებრივად შეერწყა პრუსიის ანტიკურბერძნულ სტილს. მერე ნაცისტური მკაცრი არქიტექტურა შემოვიდა, რომლის მკვეთრი ხაზებიც ანტიკური სულის გამოძახილი იყო. დღემდეა შემორჩენილი ლუფტვაფეს პირქუში შენობა, რომელიც დაგბურძგლავთ, ისეთია.

ბერლინის ანძა ორიენტირად გამოგადგებათ – სულ ალექსანდრპლაცზე მოხვდებით

მერე ყველაფერი ეს დაიბომბა და ოთხად გაიყო: საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, ბრიტანეთის იმპერიის და საფრანგეთის ნაწილებად. ანუ ოთხად გაყოფილ გერმანიაში ბერლინი მთლიანად საბჭოთა კავშირის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ რახან დედაქალაქი იყო, ორად გაყვეს. საბოლოდ ეს ქვეყნები სამი ერთის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ და კი მოგეხსენებათ, ის ერთი ვინც იყო. არ უნდოდათ კომუნისტებს ბერლინის აღდგენა, მაგრამ რახან დანარჩენებმა დაიწყეს, ამათაც, ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო და ასე აღმოცენდა მის ერთ მხარეს კომუნისტური, მეორე მხარეს კი დანარჩენი არქიტექტურა. 1969 წელს კი წითელმა გდრ-მა, დანრჩენების შესახარბებლად, 365-მეტრიანი კოშკი წამოჭიმა, რომლის სფერული ნაწილიც საბჭოთა კავშირის კოსმოსური ხომალდის ფორმისაა. ბერლინელები ხუმრობით “პაპის შურისძიებას” ეძახიან, რადგან როცა მზის სხივები პირდაპირ ეცემა, ჯვარივით ირეკლავს. არა, ნამდვილად არ იყვნენ გდრ-ში რელიგიურები, მაგრამ ბერლინის დომი მაინც აღადგინეს, ისევ ამერიკელების ჯიბრზე და თან პრუსიის იმპერიის იდეალებით.

ბერლინის კედელს აღმოსავლეთ გერმანიაში ასე არ ეძახდნენ, დასავლელების შერქმეული სახელია. ამიტომაც აწერია დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთში მას ნეონაცისტური გერმანიისგან თავდაცვის კედლად მოიხსენიებდნენ. კი, რუსული პოლიტიკა აღმოსავლეთ გერმანიაში კვლავ ნაციზმის ფირფიტას ატრიალებდა.

როგორ გაჩნდა კედელი? მეორე მსოფილიო ომის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ და საფრანგეთმა ყველაფერი გაიყვეს და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნიზმი დამყარდა, ხალხის ნაწილმა დასავლეთში გადასვლა დაიწყო, რაც გდრ-ში თავისთავად არ მოეწონათ და საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს. ცივი ომის გამწვავებასთან ერთად, 1961 წლის ერთ მშვენიერ დღეს გდრ-ის ჯარმა საზღვრებზე მავთულხლართები აღმართა და ასე დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობაც, რომელიც 29 წელიწადს არსებობდა. ბერლინის კედელი ქალაქს არა მხოლოდ შუაზე ჰყოფდა, არამედ მის არაკომუნისტურ ნაწილს უვლიდა გარს, რადგან შუა გდრ-ში იყო. ანუ ვინც თავისუფალ მხარეს ცხოვრობდა, ჩვეულებრივად ჩაკეტილი იყო და სხვაგან გამგზავრება მხოლოდ გადაფრენით შეეძლო. დაახლოებით 160 კილომეტრის სიგრძის კედელი გადიოდა სახლებზეც, ქუჩებზეც და საერთოდ ყველგან. ბრანდენბურგის კარიბჭიდან 3-4 მეტრშიც კი, ანუ ეგ და ალექსანდრპლაცი გდრ-ს ეკუთვნოდა, ხოლო რაიხსტაგი – გფრ-ს.

ჰიტლერის კანცელარიის ამ წითელი ქვებით სტალინმა საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ააგებინა, რომელიც ტრეპტაუერის პარკშია და განლაგებით ვაკის პარკის მემეორიალს მოგაგონებთ. ბერლინში საკმაოდ ბევრი საბჭოთა სიმბოლიკაა შემორჩენილი, სვასტიკა – მხოლოდ მუზეუმებში.

როგორ მივხვდეთ, ბერლინის რომელ ნაწილში ვართ? დააკვირდით შუქნიშნებს: თუკი წითელ და მწვანე ნათურებზე ქუდიანი კაცი ხელებგაშლილი დაგას ან გარბის, კომუნისტურ ნაწილში ხართ. საერთოდაც, ტრამვაის მიხედვით იმსჯელეთ – დასავლეთ ბერლინში იგი არ არის.

ბერლინი უზარმაზია, თავისი ბევრი ცენტრით და 10 პოსტი არ ეყოფა. ამიტომ ახლა მხოლოდ მთავარი გითხარით – პრინციპი. ქალაქი, რომელიც შეცდომების, მონანიების, დაცემის და ფეხზე დადგომის სიმბოლოა. დანარჩენი თქვენზეა. დაიკარგეთ და უფრო მეტს იპოვით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ბერლინი – რატომ?

  1. Pingback: ამსტერდამი და მეტი | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.