ბავშვობის კიდევ ერთი კომპლექსი

door

ბავშვობა ის ზღაპარია, რომელიც ბოლომდე არ გახსოვს, მაგრამ გულის სიღრმეში დანამდვილებით გჯერა, რომ მაშინ დევები და ფერიები მართლა არსებობდნენ. ისე, ბავშვობა ნარკოტიკი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, რამდენი მომხმარებელი ეყოლებოდა.

სანაგვე ურნებში ჩამძვრალი, ენისმოჩლექით ალაპარაკებული ბომჟები, ქუჩის კუთხეებში მანქანის სახურავებზე აცოცებული ბედნიერი ტაქსის მძღოლები, ოფისების ფლომასტერებით მოხატულ ტუალეტებში ჩაკეტილი მუშათა კლასი, კაბინეტებში ქაღალდის თვითმფრინავებით მოთამაშე პოლიტიკოსები. ბავშვობა ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ნარკოტიკი იქნებოდა.

ბავშვობაში, ზაფხულის დღესასწაულებიდან, ყველაზე მეტად (ჩემს დაბადების დღეზე მეტადაც კი) მარიობა ანუ მარიამობა მიყვარდა. 27 აგვისტოს საღამოს ქუთაისში ყოველთვის ვიკრიბებოდით მეზობლის ბავშვები. გამოგვქონდა მაგიდები, სკამები, ცივი საზამთროები, ლიმონათები, ნამცხვრები, ხაჭაპურები. ვანთებდით ვირიკუდებს (ჭაობის მცენარეა ერთგვარი, ხავერდის მსგავსი დაბოლოებით), ჩავრთავდით რიკი მარტინს ან ივაუნშკი ინტენეიშენალს და მთელი ქვეყანა ჩვენი გვეგონა. საავტორო კინორეჟისორებო და ფოტოდოკუმენტალისტებო, რომ იცოდეთ, რა კადრები გაქვთ დაკარგული, მაგრამ იმ წლებში, ალბათ, არც არსებობდით. :)

უბედურება მაშინ იწყებოდა, როცა რომელიმე ჩვენგანს ნაცნობი და სულისშეძვრამდე მომაბეზრებელი ძახილი შემოესმოდა. მშობლები სახლისკენ გვერეკებოდნენ. მერე იქ იწყებოდა ბევრი ხვეწნა-მუდარა, მაგრამ ეს დიდს ვერაფერს შველოდა. გამოიცანით, ერთ-ერთი პირველი ვინ მიყავდათ სახლში? :)

ჰოდა, კარგად მახსოვს, ერთ-ერთი მარიამობა ასე ბღავილში გავატარე ფანჯრის გისოსებთან, როცა ვუყურებდი, როგორ ერთობოდნენ უჩემოდ დარჩენილი მეზობლები. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, გარდავიცვალე და ახლა სულის სახით დავყურებდი მათ. ახალ წლებზეც ასე იყო: ადრე მაძინებდნენ და შემდეგ გამჟღავნებული ფოტოებიდან ვიგებდი, რომ სახლში სტუმრები მოსულან და დღესასწაული უჩემოდ აღუნიშნავთ.

ასეთი რაღაცების მიმართ იმდენად მგრძნობიარე ვარ, რომ ბავშვობის კიდევ ერთი კომპლექსი დღემდე ვერ დავძლიე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »