ბაასი ბასსა და კოლვინთან

ჩემ უკან: ჯონ ბასი და მარი კოლვინი

ბოლო დროს რომ ვუკვირდები, ვხვდები, რა აკლია ჩემს ბლოგს. ჟურნალისტიკა, ანუ ჩემი პროფესიული ცხოვრება. ვინც პირადად არ მიცნობთ, დიდი შანსია, არ იცოდეთ, რას ვსაქმიანობ, რას ვაკეთებ.

უკუღმა დავიწყებ, რადგან ასე უფრო მახსოვს. დღეს (უკვე გუშინ) “ფრონტლაინ ჯორჯიაში” დიდი დღე იყო. ორ ფრიად გამოჩენილ ადამიანს ვმასპინძლობდით. პრინციპში, ჯონ ბასი რამდენად გამოჩენილია, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ მარი კოლვინი უკვე გმირია. 20-წლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში ეს ქალი ომების გაშუქებით იყო და არის დაკავებული. ერაყი, ავღანეთი, ჩეჩნეთი, შრი ლანკა კონფლიქტების ეპიცენტრთა არასრსული ჩამონათვალია. ყველგან, სადაც ომი მძვინვარებდა, კოლვინი იქ იყო და ყველაფერი თავისი თვალ(ებ)ით ნახა.

ცალი თვალი ამ ქალმა 2000 წლის აპრილში, შრი ლანკას სამოქალაქო ომის გაშუქებისას დაკარგა. ლონდონის Sunday Times-ის კორესპონდენტმა კოლვინმა მოახერხა ბრძოლის წინა ხაზზე გასვლა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი ამბოხებული სოფლის ვიზიტისას შრი ლანკას ჯარისკაცებმა იგი თავში მკერდსა და მკლავებში დაჭრეს.

როცა ამ ქალის სურათი ვნახე, კუტუზოვის ილიკოსეული განმარტება გამახსენდა: “ცალთვალა იყო, მარა დედამიწის გულში რა იდო, იგი იცოდა”.  არ შევმცდარვარ: საუბარი და თავისი გამოცდილების მოყოლა რომ დაიწყო, ვინატრე ორკვირიანი ლექციების კურსი მაინც რომ ჩაეტარებინა, თუნდაც მხოლოდ ისტორია რომ ეამბნა, რამდენად წაგვადგებოდა. პირველივე ნახვითაც შეატყობ, რომ ქალი მთლიანად თავისი ცხოვრების ერთი საინტერესო ამბავია. ამასვე ამბობს მისი ორივე თვალი.

ვკითხე, როგორ ახერხებდა, ასეთი ვარსკვლავური კარიერის მიუხედავად, კვლავინდებურად ჟურნალისტიკაში ეტრიალა. განსაკუთრებული რამ არ უპასუხია. უბრალოდ აღნიშნა, რომ ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები სხვა რაღაც-რაღაცებზე მეტად აინტერესებს. ძალია მომეწონა ფრაზა, რომ ჟურნალისტებმა კარგად უნდა განსაჯონ, ღირს თუ არა რისკი ამბის მოყოლად (“Whether the risk is worth the story”).

ჯონ ბასს, რომელიც კოლვინის გვერდით იჯდა, ნაკლები ყურადღება მივაქციეთ მანამ, სანამ აქეთ არ გვეხუმრა, ჟურნალისტების საქმე ჩვენი შეწუხებააო. ამას “ვიკილიქსის” ამბები მოყვა. იმან კითხვა დიპლომატიურად მოაკვარახჭინა და ამით კიდეც გაივარჯიშა თავი.

საბოლოო ჯამში შეხვედრა ძალიან ძალიან მაგარი გამოდგა. ბევრიც ვიცინეთ და ბევრი სერიოზული საკითხიც მიმოვიხილეთ. ამიტომ მიყვარს უცხოელი სტუმრები. თითქმის ყველას, რაც უნდა სერიოზული ხასიათსა იყოს, გათვალისწინებული აქვს მინიმუმ ერთი ხუმრობა მაინც, რომელსაც ისე ოსტატურად შეაგდებს, რომ აუცილებლად გაგაცინებს. რა თქმა უნდა, ზოგი გულწრფელადაც ხუმრობს. ქართველებს, სამწუხაროდ, ეგ ჩვევა ჯერ არ ჩამოგვიყალიბდა და “დასტოინნი” გამოხედვას ჯერ ვერ გავცდით.

რაც უნდა იყოს, საუბარს აქ მოვრჩები. დანარჩენ ამბებზე შემდეგ მოგიყვებით. მერეც ხომ უნდა მქონდეს რამე საინტერესო.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ბაასი ბასსა და კოლვინთან

  1. შეილა

    არა, მართლა საინტერესო ქალი იყო, მაგრამ მე რა კარგად მიმაკაცავა კითხვა რომ არასწორად გაიგო??? : )) მეგონა ახლა კალაშნიკოვს გააძრობს და აბა, ჩემო შეილა, ისე მთავრდება შენი კარიერა, რომ არც დაწყებულა მეთქიიი

    1. zurriuss Post author

      ჰეჰეეეე :d :d მგონი, მაგ კითხვას თავიდან მარტო მე მივხვდი 8)

  2. DreaMar

    დარწმუნებული ვარ მარი კოლვინი ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგიყვებოდათ და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამას უფრო დაწვრილებით შენს ბლოგზე :)

  3. სიყვარულოვნა

    20 წელი ჟურნალისტიკაში და თან ომში. საღოლ ამ ქალს!!! ბევრი ჯარისკაცი ვერ უძლებს ამდენ ომს და წარმომიდგენია მარი კოლვინის ფსიქოლოგიური მდოგმარეობა იმ ყვეაფრის მერე რასაც ფრონტზე ნახულობს.

  4. Sophie שרה Golden

    გულწრფელად არავინ ხუმრობს, ზურიუს, არ დაიჯერო. პიარი მაინც არ გქონდეს ნასწავლი. ცნობილი trick-ია public ადამიანების, რომ უნდა გაიხუმრონ, ხალხს თავი რომ დაამახსოვრონ და სასაუბრო ატმოსფეროც რომ ჩათბეს. კარგი რამეა ისე, მიყვარს ჭკვიანური ხუმრობები.

    ყოჩაღ ამ ქალს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და ამან პირიქით, ჟურნალისტიკა ამჯობინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »