ეს არ არის ბაგრატის ტაძარი

1 ოქტომბრის საღამოს, როცა “არჩევნები” ხალხის სალაპარაკო ლექსიკის 90%-ს შეადგენდა (ცესკო-ს მონაცემები ამის თაობაზე არ ვიცი :)), ბაგრატის ტაძრის სანახავად წავედი. სათქმელად ადვილია, მაგრამ უქიმერიონის მთაზე მე ბაგრატის ტაძარი ვეღარ ვნახე. ეს უფრო სამოსნის (შეფასების ძველი სისტემის მიხედვით) მოყოლილ გაკვეთილს ჰგავდა, გაფანტული შინაარსითა და დამახინჯებული საზეპიროებით.

მე მომწონს ეს ტაძარი, მისი განსხვავებული ვიზუალი და, სხვათა შორის, გადახურვის ფერიც. რაღაცნაირად უცხოა და ამავდროულად არანაირ ანტიპათიას არ იწვევს ჩემში. მოკლედ რომ ვთქვათ, საინტერესოა… თუმცა ეს ბაგრატის ტაძარი აღარ არის და აღარასოდეს იქნება. უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-კულტურული ძეგლი სამუდამოდ დაკარგა.

როგორც ცნობილია, ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი 1692 წელს ოსმალებმა დაანგრიეს და ამდენად მისმა ორიგინალურმა გამოსახულებამ ვერანაირი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია. კომუნისტები დროს, თუ არ ვცდები, 70-80-იან წლებში, ტაძარში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები, რამაც ნაგებობას ცნობილი იერსახე შესძინა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ასე იყო 2009 წლამდე. შემდეგ კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მთავრობამ დაიწყო ტაძრის აღდგენაზე მუშაობა, რასაც სერიოზული და არაერთჯერადი დავა მოჰყვა…

დღეს ბაგრატის ტაძარი აღდგენილია, ხოლო იუნესკო ძეგლის სტატუსის განხილვას 2013 წლისთვის გეგმავს. განიხილავენ და, თუ სასწაული არ მოხდა ან ვინმემ მაგარი მოსაწევი არ დაურიგა, ტაძარს დაუყოვნებლივ ამოიღებენ სიიდან. და სწორიც იქნება! მსოფლო მემკვიდრეობის ძეგლები რკინაბეტონით არ აშენებულა!

გავაგრძელოთ. ეს ტაძრის სამხრეთი კედელია, რომელსაც ერთი დაკვირვებითაც ეტყობა, რომ ძველად ასე ფარღალალა არ იქნებოდა და ქვედა სურათზე ნაჩვენები კოლონების რიგი როგორღაც ამ კედელს უერთდებოდა. თუ როგორ – ეს, ალბათ, არც ტაძრის არქიტექტორებმა იცოდნენ და სავარაუდოდ ამიტომ დატოვეს ეს ადგილი ხელუხლებლად. მეორე მხრივ, კარგიც ქნეს, რადგან ტაძრის ორიგინალი, ანუ აშენებას გადარჩენილი, ასე უფრო კარგად ჩანს.

სამხრეთისგან განსხვავებით, ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს უფრო გულდასმით მიხედეს და ლიფტის ჩადგმა რომ ვერ მოახერხეს, ასეთ კონსტრუქციაზე შეჯერდნენ.

ილია მართალი სიცოცხლის ბოლომდე ქართველი ერის მხსნელ გმირს ელოდა. ალბათ, მეც მისთვის მომწიევს დალოდება, რომ მან მაინც განმიმარტოს და ამიხსნას ამ მახინის საჭიროება. როგორც მითხრეს, აქ დროებით ბერები ცხოვრობენ და მერე დამთვალიერებლების შესვლა დასაშვები გახდება. სხვათა შორის, დააკვირდით საფერურის ფორმის კედელს. ეგ დაუმთავრებელია და ბეტონითაა “ჩასწორებული”. ასეთებს შიგნითაც ბლომად ნახავთ.

ეს ტაძრის არარსებული გუმბათი გახლავთ, რომელიც გადაწყვიეს, რომ ასეთი იქნებოდა. რასაც კადრში ხედავთ, თითქმის ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიით, ყოველგვარი ძველთან მიახლოების გარეშეა აგებული. დანარჩენი, უბრალოდ, ძველი ნაშთებია.

საკურთხევლის მხრიდან დასავლეთისკენ გავიხედოთ და გამაგრდით!

ეს რაღაც იმ გარეთ მდგარი რაღაცის იდეური გაგრძელებაა, რომელიც, ლითონისა და შუშისაგან შედგება. ეს იქნება მგალობელთა ადგილი. დააკვირდით ბოძებს და ფერებს: ძველი ღია ფერის ქვით მოპირკეთებული ბურჯი – მერე უცებ ლითონის მახინა და ამ მახინაზე შემდგარი კიდევ ერთი მახინა, რომელიც გარეთ ამოშვერილი მახინის იდეური გაგრძელებაა. ეუჰ!…

ღია ფერის მაინც ყოფილიყო. რაღაცით მაინც ჩაეწერებოდა ინტერიერში.

ბეტონით “ჩასწორებულ” დეტალებზე გამახსენდა. აი, კიდევ ერთი მაგალითი:

ტაძრიდან მალევე გამოვედი და ეზოში გავიარე. უკვე საკმარისად ბნელოდა და გარე განათება ჩართული დამხვდა. მოვტრიალდი და ტაძრის ადგილას ეს დამხვდა.

ყინულის დედოფალივით ცივი, თითქოს, რაღაცით ძველთან მიახლოებული, ლამაზიც კი – ამ რაკურსით… მაგრამ მაინც სხვა. ეს არ არის ბაგრატის ტაძარი. აღარ არის.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ეს არ არის ბაგრატის ტაძარი

  1. მარი

    . . . ”რაღაცით ძველთან მიახლოებული, ლამაზიც კი – ამ რაკურსით… მაგრამ მაინც სხვა. ეს არ არის ბაგრატის ტაძარი. აღარ არის.”

    ძალიან, ძალიან, ძალიან მწყდება გული რომ ბაგრატის ტაძარი აღარ გვაქვს.

    შენდობას ვითხოვ, ალბათ ვცოდავ, ეს ღვთის სახლია, ტაძარია და ასე არ უნდა ვამბობდე . . . , მარა როდესაც ასეთ სიწმინდეს, ერის წარსულის, სულიერების ერთერთ საუკეთესო მაგალითს, ლიფტს და დაბურულ მინებიან “თანამედროვე კონსტრუქციას” ჩაუდგავენ შუა კედელში, გაჩუმება და აღფრთოვანებული სახით “ექსკურსიაზე ” სიარული უფრო დიდი ცოდვა მგონია მე.

    მაპატიეთ . . .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »