არ ესროლოთ, გადმფრენი ფრინველია!

raptor

ვინაიდან და რადგანაც წელს საკულტო 27 წლის იუბილე მაქვს, გადვწყვიტე, რომ ცხოვრებაში ცვლილების დროა. ამ წელს პირველად:

  • წავედი საზღვარგარეთ
  • ვიმგზავრე თვითმფრინავით
  • გავსინჯე სიგარეტი
  • ვიმგზავრე ავტოსტოპით
  • წავედი გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად

აქედან უმეტესობა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იმსახურებს. ვინ უნდა გააკვირვო თვითმფრინავით, ავტოსტოპით ან სიგარეტით… მაგრამ ბევრს გითვალთვალიათ, როგორ გადმოსერავს მწვერვალებს ფრინველთა ზღვა? იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ ცაში მოლივლივე ფრინველები ერთმანეთისგან? გინახავთ, როგორ დასრიალებს წყლის ზედაპირზე თევზიჭაია პაწაწკინტელა ალკუნი? სასაცილოა, მაგრამ საქართველოში მათ 10-ჯერ მეტი უცხოელი აკვირდება, ვიდრე ქართველი ორნითოლოგი. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს რომ იყოს, რა უჭირს.

“ბათუმის ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალი,” რომელიც კონსერვაციის საზოგადოების (SABUKO), შ.პ.ს Batumi Birding-ისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე მე-4 წელია, იმართება. თავიდან დასახელებაზე გამეცინა, მეთქი რა საერთაშორისო ფესტივალი. აი, როცა პალიასტომის ტბას მივადექით და ნავში ჩავსხდედით, შემდეგ ეგ კითხვა აღარ დაისვამს: რამ აღარ გადაგვიფრინა! სირაქლემასა და პინგვინის გარდა, მგონი, ყველანაირმა ფრთოსანმა. მივიხედ-მოვიხედე და ნავში სულ 4 ქართველი ვისხედით, მენავის ჩათვლით. ყველა დანარჩენი ევროპის ქვეყნებიდან იყო, თანაც ყველა ასაკობრივი კატეგორიის. ესეც საერთაშორისო ფესტივალი. კარგია, ჩვენს ქვეყანაში ფრინველები უცხოელებს მაინც რომ აინტერესებთ.

თურმე ყოველწლიურად აჭარის რეგიონს თბილი ქვეყნებისკენ მიმავალი მილიონამდე ფრინველი გადაუფრენს, რომელთა გუნდებს შავი ზღვის გაყოლებაზე ბევრგან შეხვდებით.

ჩვენს მიახლოებაზე, თითქოს ელოდნენ ამ წუთს, ჩვამებმა ერთმანეთს გადასძახეს, წამოიშალნენ და გაფრინდნენ.

ჩვამები

კოლხეთის ეროვნული პარკში ყოფნისას, რომელიც პალიასტომის ტბასაც მოიცავს, თავი 7-განზომილებიან ფილმში მეგონა. ყველგან ჯუნგლების მსგავსი წყალბილიკი (ახალი სახელი მოვიგონე), გადაწოლილი ხეებითა და სიმწვანით. წყალს კი ისეთი ანარეკლი ჰქონდა, მეგონა, თავდაყირა მივცურავდით.

ანარეკლი

ალაგ-ალაგ წყლის ზედაპირს ალკუნები ისეთი სიჩქარით გადასერავდნენ, მეჩვენებოდა, რომ მათი ფრთები მწვანე კვალს ტოვებდა.

ალკუნი

სწორედ ფრინველთა მრავალრიცხოვნობისა და მრავალფეროვნების გამო, აჭარას სამიგრაციო დერეფანსაც უწოდებენ. აღმოსავლეთი ევროპიდან და დასავლეთი აზიიდან წამოსული ფრინველები სწორედ ამ ადგილის გავლით მიემართებიან არაბეთისა და აფრიკისკენ. ჰოდა, სადაც ფრინველები, იქვე – ორნითოლოგები.

დერეფანი

აქამდე მართლა არ მჯეროდა, რომ ორნითოლოგებსაც კი ამ დონეზე შეეძლოთ ფრინველების სიყვარული. აჭარაში, სოფელ  სახალვაშოში, უცხოელ მეცნიერებს მოუყრიათ თავი (აბა საქართველოში 10 ორნითოლოგს ძლივს დათვლი) და ინგლისურ, დანიურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, პოლონურ ენებზე რაღაცებს განიხილავენ. ეს ადამიანები აჭარაში ყოველწლიურად ჩამოდიან და სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილას ნაწილდებიან. ერთ-ერთი მათგანი სოფლის მთაა, სადაც განთავსებულია “საგუშაო #1”.

წიგნები

სანამ იქ ავიდოდი, წიგნებს და სახელმძღვანელოებს ვეცი. ამდენი ფრინველიანი წიგნი, სკოლის შემდეგ, არ მქონია. მათში ქექვისას და ადგილზე შეძენილ მეგობრების დახმარებით, გავარკვიე, რომ ფრინველები (განსაკუთრებით, რაპტორები ანუ მტაცებლები) სილუეტით უნდა იცნო, რომ ფოტოს გადასაღებად არც ერთი არ გაგიჩერდება და გაშლილი ფრთებისა და კუდის მოხაზულობით უნდა მიხდე სახეობას. უპს, უცებ გართულდა ყველაფერი: მე რომ არწივი მეგონა, ის თურმე ძელქორი ყოფილა და რასაც მიმინოს ვეძახდი – კაკაჩა, კერძოდ, კრაზანაჭამია. :)

ჭოროხის შესართავი ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. თოლიების გუნდი.

თოლიები

რუხი და თეთრი ყანჩა პალიასტომის ტბიდან.

რუხი და თეთრი ყანჩა

როგორც უკვე გითხარით, მტაცებელი ფრინველები სილუეტებით უნდა განასხვაოთ. ასე, მაგალითად, თუ ჰაერში მოლივლივე დიდ ფრინველს ნახავთ, ან არწივი იქნება, ან კაკაჩა, ან რომელიმე ლეშიჭამია. ესენი ტერიტორიას მაღალი მანძილიდან ზვერავენ. ძელქორებს უფრო მოკლე ფრთები აქვთ და უფრო მანევრირებენ. მიმინოებსა და შევარდნებს მანევრირება კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ. ისინი ზომაში პატარები არიან, მაგრამ განიერი ფრთები აქვთ.

silhouettes

არწივი, კაკაჩა, შავარდენი, მიმინო

საგუშაგო #1-ზე ისე ცხელოდა, რომ ფრინველები საერთოდ არ ჩანდნენ. ასეთ დროს ისინი ძალიან მაღლა დაფრინავენ. ბერდვოჩერებიც დაიღალნენ და მოწყენილი ისხდნენ. მერე უცებ ერთი მათგანი წამოხტა და წამოიყვირა: “An eagle!” ყველა წამოიშალა და აპარატურა მოიმარჯვა. წამში იქაურობა ლინზებით შეიარაღებულ დაჯგუფებას დაემსგავსა. არწივი კი მაღლა ცაში ლივლივებდა… თავისთვის.

არწივი

კაკაჩა

კაკაჩა

ეს პაწაწინა ბუ დარგოლეს და გაუშვეს. თურმე, ეს სახეობა ზომით მეტს არ იზრდება. :)

bu

ერთ საღამოს, ფრინველების ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბრეხტს გამოველაპარაკე. წლების წინ, ის ამ სოფელში ჩამოვიდა, უცხოელი დამკვირვებლები ჩამოიყვანა, გადამფრინველებს აკვირდება და სახალვაშოს რამდენიმე გესთჰაუს ოჯახს სტუმრებით ამარაგებს. დანანებით მითხრა, ჭოროხის დელტაზე ვიყავით, ჩვენს თავზე ათასობით ფრინველი დაფრინავდა და ვხედავდით, როგორ პანტაპუნტით ცვიოდნენ ძირსო. მონადირეებმა ისიც კი არ იციან, რომელი ფრინველია საჭმელად ვარგისი და რომელი არა, უბრალოდ, ფრინველების ხოცვით ერთობიანო. ნერვები მომეშალა. მაგრამ, პრინციპში, რა უნდა გამკვირვებოდა: უვიცობამ  და სიბნელემ ხომ საზღვრები არ იცის.

აი, თავს რომ მონადირეს ეძახი, 1-2 ფრინველის ცოდნა და თოფის სწორად დამიზნება მაინც რა გახდა? ეს ფრინველები ათასობით კილომეტრს გადიან და უამრავ ბუნებრივ დაბრკოლებას ლახავენ იმისთვის, რომ მერე ისევ უკან დაბრუნდნენ და ვიღაც უვიცი, სასხლეტის ერთი გამოკვრით, წყვეტს სიცოცხლის იმ ჯაჭვს, ურომლისოდაც, ყველაფერი აირევა. და ისედაც არეულია! გლობალური დათბობის გამო, ჩრდილოეთში ყინული დნება და დამფრთხალ თეთრ დათვებს არებობის ადგილი ფიზიკურად ეცლებათ ფეხქვეშ. მორჟები კი, რომლებსაც ბუნებრივი ჰაბიტატი მოუსპეს, გრენლანდიის ნაპირებს ათასობით მიადგნენ. ჩვენი ქმედებების გამო, ველური სამყარო ქაოსშია გახვეული და ამათ კიდევ ფრინველები ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან!

დახოცილი ფრინველები!

დახოცილები

ამ არეული გრძნობებით დავტოვე ულამაზესი ადგილები და სახლისკენ გამოვემგზავრე. სეზონის ბოლომდე ბათუმის ცაზე კიდევ რამდენიმე ათასი ფრინველი გადაიფრენს. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათი ბედით არიან დაინტერესებული. იმედი მაქვს, გაისად მათ რიცხვებში მეტი ქართველი იქნება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “არ ესროლოთ, გადმფრენი ფრინველია!

  1. Pingback: ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »