ანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ანდრეა 1958 წლის 22 სექტემბერს ლაჯატიკოში, ტოსკანაში დაიბადა. ბავშვს თანდაყოლილი მხედველობის სისუსტე
ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ბოჩელის ყოველთვის იტაცებდა კლასიკური მუსიკა. პატარაობიდანვე მეტ ყურადღებას იჩენდა არა იმის მიმართ, რასაც ხედავდა, არამედ, რაც ესმოდა. ერთხელაც პატარა ანდრეამ ფრანკო კორელის ხმა მოისმინა რადიოში. ტენორის ზე-ძლიერმა, ფართე და დაუშრეტელმა ხმის ტემბრმა ბიჭი მონუსხა. ამის შემდეგ ბოჩელიმ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად გაეცნო მუსიკალური სამყარო. ყველას აოცებდა პატარას დიდი მონდომება და შესაძლებლობა, საათობით ესმინა საოპერო არიებისათვის.
ბავშვობაში ანდრეას ხშირად ამღერებდნენ სტუმრად მოსული ნათესავები. მღერა ბიჭისათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ბოჩელი იხსენებს: “მომღერლობას არავინ წყვეტს. სხვები წყვეტენ, გახდები თუ არა მომღერალი…” მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ბოჩელიმ ძირითად პროფესიად იურისპუდენცია აირჩია. ერთი წლის განმავლობაში ადვოკატადაც მუშაობდა პიზას სასამართლოში, საღამოობით კი ფორტეპიანოს ბარში უკრავდა. სწორედ იქ, 1987 წელს გაიცნო ენრიკა, რომელიც მალე მისი მეუღლე გახდა.
ანდრეა ბოჩელის, როგორც საოპერო ან, თუნდაც, კლასიკური შემსრულებლის, კარიერა პოპ მუსიკით დაიწყო. წარმატება მას 1994 წელს ხვდა წილად, როდესაც სან–რემოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. მაშინ მთელი ტოსკანა ზეიმობდა ახალგაზრდა და უნიკალური ხმის მქონე მომღერლის წარმატებას. თუმცა ეს ფაქტი ვერ იქცეოდა აღმასვლის მყარ გარანტად, რომ არა ცნობილი მომღერლების მხარდაჭერა. ერთ–ერთი პირველი მათგანი იყო სახელგანთქმული ტენორი ლუჩანო პავაროტი, რომელიც აღტაცებული დარჩა მისით და საკუთარი კონცერტების სერიაში “პავაროტი მეგობრებთან ერთად” მიიწვია. ამას დაემატა როკერ ზუკეროს მხარდაჭერაც, რომლის საავტორო სიმღერა “Miserere”–მ (გაჭირვება) წარმატება მოუტანა. თავდაპირველად ზუკერო ამ დუეტს პავაროტისთან ერთად ასრულებდა, მაგრამ როცა დიდმა ტენორმა ბოჩელისეული ვერსია მოისმინა, სიამოვნებით დაუთმო.
პოპ მუსიკით მოპოვებულ წარმატებას საოპერო მიღწევები მოჰყვა. ბოჩელი, როგორც იტალიელი ტენორი, არ განუდგა საოპერო ტრადიციებს და კონცერტებს მათზე დაყრდნობით აგებდა. აქედან გამომდინარე, იგი სამი ჟანრის მუსიკას მღერის: საოპეროს, კლასიკურსა და პოპს. უნიკალური ხმისა და შესრულების ინდივიდუალური სტილის წყალობით ბოჩელის პარტნიორი მრავალი ცნობილი მომღერალი გახდა. 1997 წელს გაჟღერებულმა სიმღერამ “Time To Say Good Bye” (დროა, დავშორდეთ), რომელიც სარა ბრაიტმანთან ერთად შეასრულა, მელომანები აღტაცებაში მოიყვანა.
შემდეგ იყო “The Prayer” (მლოცველი), რომელიც 1999 წლის ოსკარის ცერემონიაზე სელინ დიონთან ერთად შეასრულა.

ამ დროიდან ანდრეა ბოჩელი უკვე მსოფლიო კერპია. მომღერალი საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შორის. მომხიბვლელი გარეგნობა, კარგი იუმორის გრძობა, თბილი და ფართო დიაპაზონის ხმა ანდრეას საოცრად მიმზიდველს ხდის. ამას ემატება მისი განსხვავებული ცხოვრების სტილი: ანდრეა არასდროს ხმარობს უსინათლოთა სათვალეს ან ხელჯოხს. იგი ცდილობს, არაფრით განსხვავდებოდეს ადამიანთაგან, რომლებიც არ არიან უნარშეზღუდულები. ბოჩელი იქცევა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი: ატარებს ცხენს, ველოსიპედს, უკრავს, დადის უინდ–სერფინგზე. მეტიც, მომღერალმა სურვილი გამოთქვა, სცენაზე ემღერა სრული ოპერა. ეს სარისკო ნაბიჯი გულისხმობს არა მხოლოდ მთელი პარტიის ზეპირ ცოდნას, არამედ სცენაზე თამაშს და გმირის გაცოცხლებას, რაც უსინათლო ადამიანისათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ანდრეა ბოჩელიმ წარმატებით ითამაშა “ვერთერში”, “მადამ ბატერფლაისა” და “ბოჰემაში”. ცხოვრების ასეთი სტილი ადამიანებში, ერთდროულად, გაოცებასაც იწვევს და აღტაცებასაც. ეს არის დიდი სურვილისა და ძალისხმევის შედეგი, იყო სრულფასოვანი ადამიანი.

"მადამ ბატერფლაი" ჯაკომო პუჩინი





როცა მომღერალს ჰკითხეს, ნანობს თუ არა, რომ უსინათლოა, მან უპასუხა, რომ ცხოვრება ასეც საინტერესოა. როცა თვალით ყველაფერს ხედავ, მაშინ ვერ ხედავ იმას, რაც უხილავია. ხოლო როცა ფიზიკრად ვერაფერს ხედავ, ამ დროს უხილავი ხილული ხდება შენთვის.
ანდრეა ბოჩელის ძალიან უყვარს ზღვა და ზაფხული. სწორედ ამიტომ არის მისი სიმღერები სითბოთი და სივრცით გაჯერებული. უსმენდე ბოჩელის ნიშნავს, უცქერდე ჩამავალ მზეს ან უდაბნოს ოკეანეს ან, სულაც, მობიბინე მწიფე ხორბლის ყანას. ამ ემოციების გასამძაფრებლად ბოჩელიმ საკუთარი თეატრი, Teatro Del Silenzio (მდუმარების თეატრი), დააარსა. ეს არის ღია სივრცეში განთავსებული ამფითეატრი, რომელიც ლაჯატიკოში, ანდრეას მშობლიურ ქალაქში მდებარეობს. ყოველი წლის ივლისში იქ მხოლოდ ერთი კონცერტი იმართება, რომელშიც, ბოჩელისთან ერთად, სხვა მომღერლებიც მონაწილეობენ. დანარჩენ დროს მდუმარების თეატრი დუმს.
დღესდღეობით ბოჩელი უამრავი ჯილდოს მფლობელია, როგორც კლასიკური, ისე პოპ მუსიკის სამყაროში. მისი ხმა ამშვენებს მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების გახსნა–დახურვის ცერემონიალებს. 2002 წელს მომღერალი პირველ მეუღლეს, ენრიკას გაეყარა, რომლისგანაც ორი ვაჟი, ამოსი და მატეო ჰყავს. ამჟამად მისი საცოლეა ვერონიკა ბერტი. უფრო დაწვრილებით ბოჩელის ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ, ნახოთ აქ, ვიკიპედიაში.
დაბოლოს, რასთან ასოცირდება ანდრეა ბოჩელი ჩემთვის?
როცა შედარებით პატარა ვიყავი, ტელევიზორით რამდენჯერმე ვნახე მამაკაცი, რომელიც თვალებდახუჭული მღეროდა და მიკვირდა, რატომ იქცეოდა ასე. მუსიკა, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა, ხუთი წლის წინ გამიცოცხლდა, როცა მეგობარმა Green–მა მომღერლის ორიოდე დისკი მათხოვა… (დღესაც ნანათხოვარი მაქვს :P) კლასიკურ მუსიკასა და ოპერაზე შეჩვეულს, სრულებით არ გამჭირვებია ბოჩელის “არა მთლად საოპერო” ხმის გათავისება. სხვათა შორის, ამის გამო აკრიტიკებენ კიდეც: აქაო და საოპერო ხმის ტემბრი არა აქვსო და მიკროფონით მღერისო. ვისაც ეს გაინტერესებთ, ლინკი უკვე დავდე…
ანდრეას მოსმენისას პირველად ვიგრძენი ზღვა ასე ახლოს, პირველად გავთბი ჩამავალი მზის სხივებით, პირველად შემიყვარდა უდაბნოს ოკეანე და ხორბლის მობიბინე თავთავების ყანა. ყოველივე ეს კი საკუთარ ნახატზე ავსახე.
როდესაც მას ვუსმენ, უსასრულო ბგერებს უკიდეგანო და არამიწიერი სივრცისკენ მივყავარ.
იქ, სადაც აღარ არსებობს ბოროტება.
იქ, სადაც ღრუბლებიდან შეგიძლია, ვუცქირო, როგორ იღვრება ოკეანეში საღამოს მზე.
იქ, სადაც შინაგან სიმსუბუქესა და სივრცეს ვგრძნობ. დაახლოებით ისეთს, როგორსაც თვითონ ანდრეა.
წინასწარ გილოცავ 51–ე იუბილეს. დაე, მუდამ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი…











რა კარგი პოსტი იყო, ზურიუს. :sun:
ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა.
მართლა საოცარი ხმა აქვს ბოჩელის და ყოველთვის შემიძლია მისი მოსმენა.
ვოცნებობ, როდისმე ცოცხლად მოვუსმინო, კაი ხანია ასეთი ოცნებები აღარ მქონია.
ქობულეთში მისი სიმღერის ფონზე ვუყურე მზის ჩასვლას და, თითქოს, ერთი ოცნება ამიხდა
ვაიჰ..
რა კარგი პსოტი იყო..
ბევრი რამ გავიგე ანდრეაზე..
ჰოდა მადლობა შენ ამისთვის..
გაიხარე შენ
ამდენი რამე მართლა არ ვიცოდი ბოჩელიზე ის ეკი მართლა ტკბილი და თბილი ხმა აქვს და თან საშინლად მეცოდება სიბრმავის გამო
და არ ვიცოდი თუ როგორ და რატომ დაკარგა თვალის ჩინი, ეხლა ვიცი
და კიდე ამდენ საკრავზე რომუკრავს–ყოჩაღ!
გმადლობ შენ. ამ პოსტზე იმენი ვიწვალე, რომ აი, დამიფასდა… :P
ორად ორი სიმღერა დავიტოვე მობილურში, რომელსაც ვერ შეველიე, ხელი ამიკანკალდა როცა სიის გამოცვლა მინდოდა.. ესაა “vivo por ella” მარტა სანჩესთან ერთად, რომელიც ხერთვისის შთაბეჭდილებებს მახსენებს და melodrama, ტალღოვანი მუსიკა…
მე მიყვარს :უსერ:
Melodramma…
როგორ მიყვარსსსს
Questa mia canzone
Inno del amore…
რა მაგარი ხარ