Aida და ჰაიდააა

ბოლო დროს შეგნებულად არ ვახსენებდი არც კლასიკას და არც ოპერას. მივხვდი, რა ამ ქვეყანაზე, ჩემ გარდა, ოპერას პატრონი არ ჰყავს, გადავწყვიტე, ისევ მე მიმეხედა ამ ჩაწოლილი ტავარისთვის. ამიერიდან საშუალება გექნებათ, მცირეოდენი ინფორმაცია მიიღოთ უმაღლესი დონის ოპერებსა და დატკბეთ მათი საუკეთესო ჩანაწერებით. მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი თქუენნი.

მოკლედ, 1869 წელს, როცა მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დამეგობრებას ზეიმობდნენ. ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის ამ დიდი მოვლენის სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე საკმაოდ მხცოვანი კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა”, ან Aida, ვერდის ბოლოდან მესამე ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა.  კომპოზიტორი მას არ დასწრებია (ნუ შემჭამთ ახლა რატომო. თავისი ოპერა იყო და უნდოდა – დაესწრებოდა, უნდოდა – არა). მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში “აიდა” დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში.

ჯუზეპე ბაბუას ერთი ფრიად უცნაური თვისება ჰქონდა: რაც უფრო ბერდებოდა, მით უფრო უკეთეს ოპერებს წერდა

ეს ოპერა ყოველთვის პოპულარული იყო და მის მობეზრებას არავინ ვარაუდობს. მდიდარი შინაარსი და გმირთა სახეები საშუალებას აძლევს “აიდას”, მრავალი საინტერესო ინტერპრეატაცია მოირგოს ისე, რომ არ გახდეს ხელოვნური და უინტერესო. ლიბრეტო შექმნილია ფრანგი ეგვიპტოლოგის, ოგიუსტ მარიეტის ტექსტებზე დაყრდნობით.

უვერტიურა იწყება ძალიან ნაზად, მშვიდად, ძლიერი და ემოციური ბგერების გარეშე. თითქოს გვაფრთხილებს, რომ ამბავი ჩვეულებრივ ადამიანებსა და მათს გრძნობებს ეხება.

Atto I

მოქმედება ხდება მემფისში, ფარაონის სასახლეში. მაცნებ ცნობა მოიტანა ეთიოპიელთა შემოჭრის შესახებ. რადამესი, ეგვიპტის ჯარის ერთ-ერთი მთავარსარდალი, “საროსა მჯობი ნაზარდი”, რომელიც “ვითა კატათ ხოცდა ლომსა”, ევედრება ღმერთ(ებ)ს, რომ ეთიოპიელთა წინააღმდეგ ჯარის სარდლობა მას ჩააბარონ. იგი ამ გამარჯვებას აიდას, ფარაონის ქალიშვილის ზანგ მსახურს მიუძღვნის, რომელიც თავდავიწყებით უყვარს. არია Celeste Aida (“ღვთაებრივო აიდა”) სწორედ მას ეძღვნება. პავაროტი გასაგიჟებლად მღეროდა ამას.

არც ეს უკანასკნელია გულგრილი ჭაბუკის მიმართ. მზეთუნახავ მონა აიდას ერთი დიდი საიდუმლო აქვს: იგი ეთიოპიელთა მეფის ამონასროს ქალიშვილია და ეგვიპტეში ამის შესახებ არავინ იცის. სწორედ მის დასაბრუნებლად ილაშქრებენ ეთიოპიელები. სანამ რადამესი ფიქრებშია, მასთან ფარაონის ქალიშვილი ამნერისი მიდის, რომელიც შეყვარებულია მთავარსარდალზე. იგი, ამავდროულად, აიდასა და რადამესის ფარულ რომანზეც ეჭვობს. შემოდის აიდა და იწყება ტრიო, რომელშიც სამივე გმირი თავისთვის ფიქრობს. ვერდიმ კი ეს ფიქრი სამხმოვან კომპოზიციაში გააერთიანა. (პლასიდო დომინგო – რადამესი, დოლორა ზაჯიკი  – ამნერისი, აპრილე მილო – აიდა)

ისმის საყვირის ხმა. ფარაონი მობარძანდება. ტაძრიდან დაბრუნებული უმაღლესი ქურუმი რამფისი მას ღმერთების ნება-სურვილს გადასცემს. სწორედ რადამესი წარუძღვება ჯარს. ხალხი ერთხმად იზეიმებს და მხედართმთავარს ტაძრისაკენ გააცილებს შეძახილით Ritorna Vincitor! (“დაბრუნდი გამარჯვებული”). ეს ფრაზა აიდასაც წამოსცდება, რომელიც არიაში გადაიზრდება. აიდა გლოვობს თავის უბედურ ბედს. მამა, ამონასრო, მისი შეყვარებულის, რადამესის მტერია (ვინ ვინ და კალასის ექსპრესიული ხმა გადმოსცემს ამ მონაკვეთს უძლიერესად!).

პირველი მოქმედება მთავრდება ასე: რადამესს საომრად გამოპრანჭავენ, ქურუმი რამფისი დალოცავს, მერე ერთად ჯიგრულად ილოცებენ და ფარდაც დაიხურება (თეატრს გააჩნია).

Atto II

ეს ტრიუმფალური აქტია. აქ საგუნდო და საორკესტრო ჟღერადობა კულმინაციამდე ვითარდება. პრინცესა ამნერისი თავის მოსასვენებელ ოთახში ნებივრობს. მან უკვე იცის რადამესის გამარჯვების შესახებ, აიდამ კი არა. ამნერისი გადაწყვეტს, აიდა რადამესის სიყვარულში გამოტეხოს. როდესაც იგი შემოვა, ამნერისი ეტყვის, რომ მხედართმთავარი დაიღუპა. აიდა ტირილს დაიწყებს. მალევე პრინცესა სიმათლეს გაუმხელს და აიდას სიხარულის ხმა აღმოხდება ვეებერთელა ჟღერადობით. აქ გამოიჭერს ამნერისი და აბა დაფქვი ყველაფერიო. აიდა ფეხზე წამოდგება და წამოიძახებს, რომ ისიც პრინცესაა! გაკვირვებული და გაბრაზებული ამნერისის მზერას რომ დაინახავს, უკან იხევს და ბოდიშს უხდის სისულელის თქმისათვის. პრინცესას მიზნის მიღწევა სურს.

ისმის საზეიმო საყვირის ხმა. მთელი სამეფო კარი სასახლის ეზოშია შეკრებილი და გმირს ელოდება. გამარჯვებულ ჯარს შემოაქვს უამრავი ნადავლი და განძი. აქ ცნობილ თემას გაიგონებთ და ბევრი თქვენგანი “ვა, ეს აქ ყოფილა?”-საც გაიფიქრებთ. სხვათა შორის, რამდენჯერაც თბილისის ოპერაში “აიდა” ვნახე, საყვირს თავისი პარტია თითქმის ყოველთვის ეშლება.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/06/20-Giuseppe-Verdi-Act-2-Scene-2-Marcia-trionfale1.mp3|titles=(20) [Giuseppe Verdi]

შემოდის რადამესიც და ქორო სადიდებელ სიმღერას დააგუგუნებს. ამასობაში აიდა მონებს შორის მამამისს, მეფე ამონასროს დაინახავს და მისკენ გაიქცევა. ისუ უჩურჩულებს, არ გამცეო. ყველას ყურადღება მათკენ გადააქვს. ამონასრო იტყვის, რომ იგი ერთ-ერთი მეთაური იყო და თავის ხალხს იცავდა, ეთიოპიის მეფე კი მკვდარია. დაუჯერებენ. ფარაონი გმირ რადამესს ნებისმიერი სურვილის ასრულებას ჰპირდება. ეს ახალგაზრდა კეთილი გულისაა და ეთიოპიელი მონების გათავისუფლებას ითხოვს. მიუხედავად ქურუმ რამფისის წინააღმდეგობისა, ფარაონი თანახმაა, ეთიოპიელები გაუშვას, ამასთან ერთად იგი რადამესს თავის ასულზე, ამნერისზე ნიშნავს. ამაზე ხალხს მადლობა ამოხდება, ქორო გალობს, ყველა ზეიმობს. ამის პარალელურად ამონასრო აიდას ეუბნება, რომ რევანშის გეგმა უკვე მზად აქვს.

ვერდიმ აქ რამდენიმე ემოცია ერთმანეთს შეუპირისპირა და განვითარების უმაღლეს წერტილამდე მიიყვანა. გახარებული ეგვიპტელები, მადლიერი ეთიოპიელები, გამარჯვებული რადამესი, გამარჯვებული ამნერისი, გაბოროტებული ამონასრო და გაუბედურებული აიდა. ეს მრავალხმიანობა ვერდიმ უძლიერესი მუსიკით შეამკო, მარია კალასმა კი დაუვიწყარი მი-ბემოლით დააგვირგვინა, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება!

შეგაჯანჯღარათ? :) გავაგრძელოთ.

Atto III

დიდი ზეიმის შემდეგ სასახლეში სიმშვიდეა. არა, არც ეგრეა საქმე. ღამეა. ბედნიერი ამნერისი ტაძარში სალოცავად მიდის. იქვე, ნილოსის ნაპირას, აიდასა და რადამესს პაემანი აქვთ. მანამ მიჯნური (+1 რუსთაველს) გამოჩნდებოდეს, აიდა თავის სამშობლოს იხსენებს და მისტირის იქაურობას, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს და ვეღარც ნახავს (O Patria Mia – შავკანიანი ლეონტინ პრაისის შესრულებით. აიდას ერთ-ერთი საუკეთესო სახე საოპერო სცენაზე. ნახეთ, რა დღეშია დარბაზი და როგორ ადგება ცრემლი მომღერალს, რომელიც უკანასკნელი სპექტაკლით ემშვიდობება სცენას ).

ამასობაში სიბნელიდან გამოდის ამონასრო, აიდას მამა. იგი ქალიშვილს მოუწოდებს, მონაწილება მიიღოს მის ამბოხებაში და ახსენებს მშობლიური ეთიოპიის მხარეს, სადაც იგი გაიზარდა. აიდა ორად იხლიჩება. ერთ მხარეს მამა, ოჯახი და სამშობლოა, მეორე მხარეს კი სიყვარული, რომელიც, ეს-ეს არის, უნდა მოვიდეს. ამონასროს ასურს, აიდამ რადამესს ათქმევინოს, რომელი გზით მიდიან ეგვიპტის ჯარები. გატანჯული აიდა თანახმაა.

შემოდის რადამესიც, აიდა თავს შორს იჭერს. ჭაბუკს ვერ გაუგია ქალის დაღრეჯის მიზეზი (+1 რუსთაველს). აიდა ეკითხება, თუ საით წავიდნენ ეგვიპტის ჯარისკაცები. რადამესიც პასუხობს “ნაპტას გზით”. ამ დროს გამოჩნდება იქვე დამალული ამონასროც და თავის ვინაობას გაუმხელს. რადამესი გატეხილი და გაბრიყვებულია (ჩვენს ენაზედ “მიბანძებული” ჰქვიან). მან სამშობლოს გაუცნობიერებლად უღალატა. ამონასრო სთავაზობს, მასსა და აიდასთან ერთად ეთიოპიაში გაიქცეს…

ამასობაში ტაძრიდან გამოსული ამნერისი, ხედავს რა ასეთ სცენას, დაცვას დაუძეხებს. ამონასრო ხმალს იშიშვლებს მტრების ამოსაწყვეტად, მაგრამ რადამესი შეაკავებს. აიდა და მამამისი გარბიან. რადამესი, ხედავს რა უმაღლეს ქურუმ რამფისს, ხმალს გადასცემს და ჩაბარდება.

Atto IV

რადამესი ციხეშია. ამნერისი მხოლოდ მასზე ფიქრობს, მის გადასარჩენად ლოცულობს. იგი გულის სწორს (+1 ხალხურს) სასახლეში მოაყვანინებს. საერთოდ, ეს მოქმედება თითქმის მთლიანად მეცო სოპრანოს განცდებსა და ტკივილზეა აგებული, ამიტომ მისი შესრულება ძალიან ძნელია. ამნერისს შესწევს ძალა, რადამესი გადაარჩინოს. თუკი უარს იტყვის აიდაზე, მას ექნება თავისუფლება და სამეფო გვირგვინი. რადამესი უკან არ იხევს. ეჭვით აღვსილი ამნერისი მის თავს მსაჯულებს გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ამნერისმა რადამესი გაწირა, მას მაინც თავდავიწყებით უყვარს. როცა რამფისი, მსაჯულებთან ერთად, რადამესს ასამართლებენ, იგი ღმერთს შეყვარებულის გადარჩენას შესთხოვს. (ამ ჩანაწერში ამნერისს დოლორა ზაჯიკი ასრულებს, რამფისს კი – პაატა ბურჭულაძე).

მსაჯულებმა რადამესს ტაძრის იატაკის ქვეშ აკლდამაში ჩაგდება მიუსაჯეს. ეგვიპტის ერთ დროს უძლეველი გმირი სულ მალე სულს ჩაქვესკნელებული დალევს. სიკვდილის წინ რადამესი აიდაზე ფიქრობს. უცებ სატრფოს ხმას გაიგონებს. სულ რამდენიმე წამით ჰგონია, რომ ელანდება, მაგრამ თურმე არა. აიდაც იმავე აკლდამაშია და ანალოგიურ ბედს გაიზიარებს. მამამისი ჯარისკაცებს შემოაკვდათ, თვითონ კი რადამესის ბედი არგუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულებს გარდაუვალი სიკვდილი ელით, საბოლოოდ ისინი ერთად არიან და სულიერ შეერთებაზე ფიქრობენ. მათთვის ამქვყნიური უკვე წარსულია. მუსიკაც შესაბამისია. იგი მოკლებულია ყოველივე იმ ძალას, რომლითაც წინა მოქმედებებში ჟღერდა. ჰარმონია უვერტიურის სიხშირეს უტოლდება და, ლოცვისებურად, მშვიდად სრულდება. ამ დროს მართლაც ლოცვა აღევლინება, რომელსაც სამარის თავზე მყოფი ამნერისი აღავლენს ღვთის წინაშე…

აგერ ბატონო Aida და ჰაიდა ახლა ოპერაში, ნერვები არ მომიშალოთ, იცოდეთ! :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “Aida და ჰაიდააა

  1. Katieé.Ge

    აღიარება 1.
    “აიდა” არასოდეს მინახავს :)

    აღიარება 2.
    სანამ რეალურად გაგიცნობდი, ამ საოპერო პოსტების გადამკიდე, ძალიან სერიოზული და მოსაწყენი მეგონე. უბრალოდ ვერ წარმომედგინა, ახალგაზრდებს (შენი ასაკისას ანუ) თუ შეიძლებოდა ასე ყვარებოდათ ოპერა ;) იმ გამონაკლისების გარდა, რომლებიც მუსიკალურ კარიერას ირჩევენ.

    აღიარება 3.
    არ მაფიქრდება არაფერი, მარა ღმერთი სამობითაა და … :))

  2. dv0rsky

    ეჰ, სადაა აიდა და კარგი ცხოვრება.
    სეზონი რომ დაიწყება, დადგამენ?
    ისე, ფალიაშვილზეც არ ვიტყოდი უარს – კარგა ხანია არც ვყოფილვარ და მგონი არც ქონიათ რეპერტუარში – რატომღაც ბალეტს ანიჭებენ უპირატესობას

    1. zurriuss Post author

      “აიდა”, გამოწერილი წამალივით, ყველა სეზონში აქვთ. ოპერები კონსერვატორიაში იდგმება ამჟამად, ბალეტები – რუსთაველში. “აიდაც” იყო ცოტა ხნის წინ. თუ გინდა, გაგიგებ ;)

  3. სოფ-ი-ოჰ

    აუ, მადლობა ზურა, მართლა კარგ საქმეს აკეთებ.

  4. მარი

    მეც უნდა ვაღიარო:
    ახლა ვინანე, რომ არასოდეს ვუჯერებდი დედას, როცა ოპერაში წაყვანას მთავაზობდა, თორემ ხომ მექნებოდა ნანახი აიდა და ამ პოსტს ასე პირდაღებული არ წავიკითხავდი?

    1. Katieé.Ge

      მარი, მე კაი ხნის წინ ვიყავი ბოლოს, არაგანახლებულ ოპერაში (განახლებული არც ახლაა მგონი), ბოლოს “ქეთო და კოტე” ვნახე და დავიტანჯე. რა ვქნა, მირჩევნია კარგ არიებს ტვ–ში ვუსმინო, თუნდაც იუთუბზე, ვიდრე ლაივში მტვრიანი კოსტიუმების ფრიალს ვუყურო და 60 წლის ქეთოს და კოტეს. გრანდები რომ ჩამოდიან, მაშინ არასდროს არ მაქვს იმდენი ფული, მორჩენილი ბილეთები ვიყიდო, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე ძვირიანია.

      ამიტომ ველი შანსს, რომ სადმე საზღვარგარეთ მოვხვდები კარგ საოპერო თეატრში :)))

      ზურ, არ ჩამქოლო ოღონდ ახლა :*

      1. zurriuss Post author

        ოპერაში არ არის კინოს, თეატრის ან წიგნის მოლოდინი, როცა არ იცი, რა უნდა მოხდეს. ოპერაში შინაარსიც იცი და ისიც, ვინც რა უნდა იმღეროს. მაშინ აქვს ოპერაში წასვლას აზრი. არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოა ეგ თუ უცხოეთი.
        რაც შეეხება ლაივში მოსმენას, ოპერის მხოლოდ ჩანაწერებით მოსმენა იგივეა, თავი ჰავაიზე იგრძნო, როცა დესკტოპზე მისი სურათი გიყენია.
        არა აქვს მნიშვნელობა მომღერლის ასაკს, მთავარია, ფორმაში არის თუ არა. ამას კი მაშინ გაიგებ, როცა ერთხელ მაინც მოუსმენ. ტაკ ჩტო… გავჩერდი ახლა აქ :green:

      2. მარი

        მეც მასე. 13 წლის ვიყავი ბოლოს რომ წავედი ოპერაში :სირცხვილ:. ისე ბალეტზე უფრო დავდიოდი ხოლმე

  5. ლელა

    მართლა ძალიან კარგია, ყოჩაღ! “რიგოლეტოზე” თუ იცი ის ამბავი, ვინც მის შინაარს სულ ორიოდ ფრაზით გადმოსცემს, ლასკალასთან ახლოს ერთ-ერთ ბარში უძველესი ღვინით დააჯილდოებენ, დღემდე ვერავინ მოახერხა მისი შინარსის მოკლედ მოყოლა.

  6. ქევანა

    სიამოვნებით ჰაიდა ოპერაში, მაგრამ ჩვენი ოპერა დაკეტილია :( თორემ ერთ სპექტაკლს ავარჩევდი (ჯერ–ჯერობით მარტო ერთს თუ გავწვდები)

    ხოდა,

    ჩემი და იყო აიდაზე, სპექტაკლის ბუკლეტი/პროგრამა წამოიღო სახლში (რომელსაც ხანდახან სიამაყით ვუყურებ და რატომღაც მე :დ)

    და ერთიც კიდე:
    ოპერაზე ის უნდა წერდეს. ვისაც ესმის და გაეგება :ყეს:

    ასე რომ წერე და შემოიტანე ჩვენში ოპერის სილამაზე
    მე თანახმა ვარ

  7. ნათი

    მადლობა ზურა გაიხარეეე ოპერა ძალიან მაინტერესებს მაგრამ მუსიკასთან ოდნავი შეხების შანსიც არ მქონია :cry: ამიტო გულისყურით მოგაპყარი საჩინონი და სასუმენელნი ჩემნნი ;)

  8. Pingback: Jessye Norman – სევდიანი ტრანსი | Zurriuss.Ge

  9. ან

    ნუ ამბობ მასე.შენ გარდა ძალიან ბევრს აინტერესებს ოპერა.:))
    ხო მართლა ძალიან კარგი პოსტია წერა გააგრძელე ამ კუთხით გელით :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »