გენტი და არაფერი მეტი

გრასლეი და კორენლეი – მდინარე ლიეზე გაშენებული გენტის ორი ულამაზესი უბანი

ლეგენდის თანახმად, მილიონობით წლის წინ, როცა ხმელეთზე წყალი და ვულკანები სუფევდა, ცეცხლისმფრქვეველმა დრაკონმა ბუდეში ორი კვერცხი დადო. ერთისგან ხის კეთილი სათამაშო გამოიჩეკა, მეორისგან კი – დემონი. ამ ეპოსით იწყება გენტის ისტორია. ქალაქისა, რომელიც შუა საუკუნეებში ევროპის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და მასზე მნიშვნელოვანი ქალაქი არ არსებობდა. გენტში ამსტერდამიდან ავტობუსით გავემგზავრე.

მომენტი, როცა პენსიონერობის ასაკში აქ გადმოცხოვრება ვინატრე

ამსტერდამისა არ იყოს, აქაურობასაც რეალურად ვაჭრები განაგებდნენ. საერთოდაც, ბელგიის ეს ნაწილი ჰოლანდიას ენათესავება, სამხრეთი კი – საფრანგეთს. გენტი ჩრდილოეთი ბელგიაა, ანუ ფლანდრია, სამხრეთი კი ვალონიაა. აქაურ free walking tour-ზე კი გვესაუბრნენ ფრანგების სიცუდეზე და ინგლისელების სიკარგეზე, მაგრამ ალბათ, ქვემო ბელგიაში ზუსტად საპირისპიროს მეტყოდნენ.

გენტი ისეთი ქალაქია, თუ ბევრი რაკურსით არ ნახე, შესაძლოა, ასეთი სილამაზის რეალურობა არ დაიჯერო

მოკლედ, ჩავედი თუ არა გენტში, ეგრევე გამისწორეს, ჰენტიო. ამსტერდამში მითხრეს, ხენტი ჰქვიაო, თუმცა არც ეგაა პრობლემა. ამ ქალაქის მთავარი ღირსება ცოტა ტურისტია. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ამსტერდამისგან, ისე კი ძალიან ჰგავს მას. აიღეთ მის არხებზე გადაღებული ფოტოები და თუ საკუთარი თვალით არ გინახავთ, ალბათ ვერც გაარჩევთ ერთმანეთისგან. კიდევ აქვთ ძალიან სპეციფიკური , რომელიც ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ედიტ პიაფი მღეროდა თავის შანსონებში.

სტენსილების ქუჩაც აქვთ. ერთი ცალი და კუსკუსა

გენტის განვითარების ზენიტი XI-XIII საუკუნეებში იყო, როცა ამ ადგილს სავჭრო ნავები აწყდებოდნენ. ადგილობრივებმაც ადვილად აუღეს ალღო რთულ გეოგრაფიულ პირობებს და შლამზე ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი წამოჭიმეს. მდინარეების შელდისა და ლისის შერწყმის ადგილას გაშენებული გენტი ნეიტრალური ქალაქი იყო, რომელიც საფრანგეთის სამეფოსა და გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიას ბუფერულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული. ამ ფაქტმა გენტი არაერთხელ გადაარჩინა. საერთოდაც, იმ დროს გენტის მასშტაბები მხოლოდ პარიზისას თუ ჩამოუვადებოდა და სიდიდით მოსკოვსაც აღემატებოდა და კიოლნსაც.

ეს არქიტექტურული არტი ღია მუსიკალური დარბაზია, რომელსაც, როგორც მითხრეს, ცუდი აკუსტიკა აქვს, თუმცა რამდენიმე მილიონი დაჯდაო. მის გვერდით მდებარე ბელფორტს ლეგენდარული დრაკონი ამშვენებს.

გენტი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერატორის, კარლოს V დიდის დაბადების ადგილიც, თუმცა მას მაინცდამაინც არ ემადლიერებიან. ნახევარი ევროპის მმართველმა გენტს თავისი მნიშვნელობა წაართვა და მძიმე გადასახადები დააკისრა, რამაც ნელ-ნელა ქალაქს პირველობა დააკარგვინა. იმპერიის ცენტრად ტოლედო გამოცხადდა.  სამაგიეროდ, გენტში უყვართ ინგლისელები, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ისინი ფრანგული მონარქიისგან იცავდნენ, რადგან თვითონაც მტრობდნენ ფრანგებს.

ნამდვილ ბელგიურ და უამრავი სახეობის ლუდს დალევთ აქ, იაკობ ვან არტველდეს მოედანზე, ზუსტად ქანდაკების მოპირდაპირე მხარეს.

1812 წელს კი სწორედ ამ ქალაქში დაიდო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთის იმპერიას შორის, რომლის შემდეგაც მათ შორის ომი საბოლოოდ დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გენტს ჰიტლერი თავისი მარაგების განთავსებისთვის იყენებდა და როცა მარცხდებოდა, მისმა ოფიცრებმა ქალაქი აღარ გაწირეს და არ ააფეთქეს. მოკლედ, გენტს თავისი სიტყვა ეთქმის არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც.

წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი, ხედი ბელფორტიდან.

სამი უზარმაზარი სამრეკლოა ამოზრდილი ქალაქის გულში: წმინდა ბავოს საკათედრო ტაძრის, ქალაქის კოშკის (ანუ ბელფორტი) და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის. საკათედრო ტაძარში შესვლისას ბარემ შეიარეთ მის ულამაზეს რელიკვიასთანაც და ნახეთ ძმებ ვან აიკების მიერ შექმნილი “კრავის თაყვანისცემა”. 4 ევრო ღირს, თუ არ ვცდები. შუა საუკუკნეების შედევრი ბევრჯერ მოიპარეს და დაიბრუნეს, მხოლოდ მისი ერთი ნაწილი არ შემოგვრჩა, დანარჩენი ადგილზეა და ფერთა ხასიათით ჩამოჰგავს ბოსხის შემოქმედებას.

ესეც გენტის ფელფორტი. ზარები ისე წკრიალებს, რომ ხანდახან სერიოზულად ფიქრობ, მართლა გესმის თუ გეჩვენება. ეს ეფექტი კი ძალიან ბევრი ზარით და მუსიკალური ზარდახშის პრინციპით მიიღწევა: საათის მექანიზმი ლითონის ტურბინას ატრიალებს და მისი ალაგ-ალაგ გამოწეული ნაწიბურები შესაბამის ზარზე დასაკაკუნებელ ჩაქუჩს გამოედება.

აქვე დგას გენტის ყველაზე მაღალი სამრეკლოც, რომელიც მალევე ქალაქის საათდ იქცა. დღესაც ასეა, 91 მეტრის სიმაღლის სამრეკლოს ზარები ულამაზესი მელოდიებით საათში რამდენჯერმე წკრიალებენ. ბელფორტის თავზე ქალაქის სიმბოლო, სპილენძის დრაკონია დამაგრებული, რომელიც მე-14 საუკუნის ობლოს დაუმზადებიათ. სხვათა შორის, ბრუჟში (ბრიუგე) გეტყვიან, რომ ეს დრაკონი მათგან მოიპარეს და თუ დაუბრუნებთ, მაგრად გაახარებთ. მაგრამ ახლა ეგრევე კრიმინალზე ნუ წახვალთ, თვითონ გაერკვევიან როგორმე.

ამასობაში, რასაც ზედხედების გადაღებისას მივხვდი, არის ის, რომ შენობა არც ზედმეტად მაღალი უნდა იყოს და არც დაბალი, რომ ნაგებობები ყველაზე ლამაზი რაკურსით აღიქვა. თუ ძალიან მაღლა ხარ, ყველაფერი ბრტყელდება და მოცულობა ეკარგება, თუ ძალიან დაბლა – ბევრს ვერ ხედავ. გენტის ბელფორტი, საიდანაც ახლა წმ. ნიკოლოზის ეკლესიას ხედავთ, იდეალური პროპორციებისაა.

მესამე დიდი სილამაზე, როგორც გითხარით, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა, რომელიც წინა ორის მეზობლადაა აღმართული და თავდაპირველად ქალაქის საათის ფუნქციას სწორედ მისი სამრეკლო ასრულებდა. აქ რომ ორგანია, თვით არისტიდ კავაიე-კოლის შექმნილია მე-19 საუკუკნეში და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანია. დღემდე ვერ ვარჩევ, რომელი რომელია. უბრალოდ ის ვიცი, რომ ბელფორტი შუაში რომ დგას, ისაა.

წმინდა მიხეილის ტაძარი და ხიდი, რომლის მიღმაც ქალაქის პორტი და სავაჭრო კვანძი მდებარეობდა

ბარემ კიდევ ერთ ტაძარზე გიამბობთ – წმინდა მიხეილის ხიდთან (რომლიდანაც საოცარი ხედები იშლება) მდებარეობს ამავე წმინდანის სახელობის ეკლესია და სწორედ მისი სამრეკლო უნდა ყოფილიყო ყველაზე მაღალი და დიადი, 135 მეტრის სიმაღლის, მაგრამ მშენებლობა უსახსრობის გამო გაჩერდა და ძალიანაც კარგია. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სამრეკლოს სრულ ზომაში აგება მის არამდგრად საძირკველს დააწვებოდა და ნაგებობა ჩამოინგრეოდა. ასე რომ, გენტი კატასტროფას გადაურჩა.

გალავანს თუ დააკვირდებით, ქონგური კუთხოვანია და ზოგი – მომრგვალებული. ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქის მმართველობამ ჩაიდინა, როცა გადაწყვიტა, ციხისთვის განსხვავბული მნიშვნელობა მიენიჭებინა. 1949 წელს კი ციხე, არც მეტი არ ცნაკლები, აჯანყებულმა სტუდენტებმა დაიკავეს, რომლებიც მალევე დანებდნენ.

გენტის ისტორიული ცენტრი იმდენად პატარაა, ალბათ, რამდენჯერმე მოხვდებით მომაჯადოებელი სილამაზის მქონე გრაფების ციხედარბაზთანაც, რომელიც პირდაპირ არხიდანაა ამოზრდილი. ქალქის ეს სიამაყე ფლანდრიელი გრაფების საკუთრება იყო, მე-14 საუკუნიდან კი ხან საპყრობილედ გადააკეთეს, ხან სასამართლოდ, ხან ბამბის ფაბრიკადაც კი. დღეს მუზეუმია და საოცარი განცდაა, როცა მისი ქვის კედლებში დატანებულ უსასრულო სპირალურ კიბეებს აუყვები. თითქოს პირდაპირ იჭრები იმ რეალობაში, რომელიც 700-800 წლის წინ იყო, მერე უცებ სამუზეუმო მინიშნებებს დაინახავ და ოცნებებიც ქრება.

ნავით გასეირნების შესაძლებლობა არასდროს გამოტოვოთ აქ, 10-12 ევრო დაგიჯდებათ.

გენტი მხოლოდ ქალაქი მუზეუმი რომ არ არის, ამას თუნდაც გენტის უნივერსიტეტი ეყოფა. როცა ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება, უამრავი ახალგაზრდა სწორედ აქ იყრის თავს ქალაქს აცოცხლებს. ჩემთვის ასეთი სახლებისა და სასახლეების გარმოცვაში სწავლა თან საოცნებო იქნებოდა და თან სტრესული. როგორია, თვალი მოწყვიტო ამ მშვენიერებას და დედლაინებზე იფიქრო, წარმოდგენაც არ მინდა.

ბიგ ბენის მსგავსი კოშკის მარცხენა მხარეს ქალაქის ყველაზე ძველი შენობაა, რომელიც მე-11 საუკუნეში აიგო

მოკლედ, ასეთია გენტი: დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე პატარა ქალაქი,  იდეალურობამდე ლამაზი და დეტალებამდე მოწესრიგებული, თავაზიანი ადგილობრივებით, რომლებიც არასდროს იშურებენ კომპლიმენტებს, თუკი შენში რაღაც მოეწონათ. და ჰო, აუცილებლად გაისეირნეთ ნავით. არხებზე გაშენებულ ქალაქებში, აბა სხვა რა უნდა ქნათ?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.