სპონტანური სიღნაღი

დღეს 11-ის ნახევარზე ავდექი. ცოტათი ფეხის კუნთები მტკივა, მაგრამ ეგ არაფერია. გუშინ დავბრუნდი სპონტანურად დაგეგმილ–განხორციელებული მოგზაურობიდან. პარასკევს საღამო ხანს თევზმა მომისკაიპა, წავდეთო. 1–2 გადარეკვის შემდეგ მზად ვიყავი, გავყოლოდი თუნდაც ქვეყნის დასალიერში.

არ მიყვარდა შემოდგომა, რადგან სიცივე გაფუჭებული ბავშვივით ნელ–ნელა კეკლუცობიდან შეურაცხყოფაზე გადადის და სახეში გილაწუნებს. არ მიყვარდა იმიტომაც, რომ დღე დღეს არ ჰგავს და ღამე – ღამეს. თუმცა ამ შაბათ–კვირამ ჩემი შეხედულება საგრძნობლად შეცვალა.

ანი (თევზი) და ირინა

სიღნაღში ანი, ირინა და მე წავედით. მაგარია, არა, როდესც ორი მეგობარი გოგო შენს იმედზე მოდის? :P  ჰოდა სიცილ–ხარხარში ამოვყავით თავი სამგორის მეტროსთან, ტალახოვან ავტოსადგურში. შევძვერით “სიღნაღ” მარშუტკაში და ძრავის აბრიხინებას დაველოდეთ. ანი და ირინა სიხარულისაგან დრუნავდნენ.

დრუნვა – რაისამე დიდსა სიხრულსა ანუ მწუხარებასა ზედა ადამიანის გინა ცხოველის გზნება სხეულისა შემძვრელი, ჰამაჟრჟოლებელი, ჰამავიბრირებელი და ფრიად ჰამაკანკალებელი.

ამ სიამტკბილობაში უცებ ერთი ბიჭი ამოვიდა და ჩვენ გვერდით დაჯდა. ეტყობოდა, რომ უცხოელი იყო. ისიც ეტყობოდა, რომ ჩვენთან საუბარი უნდოდა. როდესც სკამზე ჯდებოდა, “sorry” მოგვიხადა და ჩვენც რომ “welcome” ვუპასუხეთ, სახე აენთო :)

ასე გავაჩაღეთ გაუთავებელი ინგლისურ–ქართული ლაქლაქი ანიმ, ირინამ, მე და მაილსმა. ამ უკანასკნელმა, რომელიც სოფელ ნუკრიანში მოხალისე ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს და 22 წლისა, ნუკრიანში დაგვტოვა. ჩვენ კი გზა განვაგრძეთ და მალე აღთქმულ მიწაზე ამოვყავით თავი.

ამქვეყნად ძალიან ცოტა რამ მინახავს. მაქსიმუმ 14 დღით ვარ ნამყოფი ზღვაზე, სულ რამდენჯერმე ვნახე მთა (მე–8 კლასში), 2–ჯერ ბათუმი, ბოდბე, ვარძია და მორჩა… სიღნაღი ჩემთვის ერთ–ერთი ბოლო აღმოჩენა იყო. აქ სულაც არ ვგულისხმობ ახლადგარემონტებულ და გაპოპულარებულ ქალაქს, რომლის არნახვაც ბანძობის ტოლია. სიღნაღის მოწმენდილი ცა უფრო მეტია, ვიდრე ჭრელაჭრულა განათება; წნორის ნისლოვანი თვალუწვდენელი ველი უფრო თვალისმომჭრელია, ვიდრე ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები; კავკასიონის იმპრესიონისტული ფერხული უფრო დიდებულია, ვიდრე ახლადშეღებილი სახლუკები :)

დღე I

ჩემ უკან – ანის სახლი

ჩავედით თუ არა, ეგრევე ანის მიტოვებულ სახლში გავეშურეთ. მეზობელმა გასაღები მოგვცა და ჩვენც შევუდექით საქმიანობას, რომელიც ძირიადად 1–2 ფიჩხის შეგროვაბასა და მაგიდაზე გასაშრობად დაყრილი კარალიოკების ჭამაში გამოიხატებოდა. მერე გამოვედით და თვალიერებას შევუდექით. ანის მაგრად ეამაყება, რომ მისი სახლი ქალაქის ლეგენდარული გალავნის შიგნითა მხარესაა მოქცეული. დაცული ვართო :)

ჩვენი ფეხები :)

ის იყო, ნანატრ სიმშვიდეს ვეწიე, ატყდა გაბმული და გაუთავებელი სიგნალები. არადა არ შეწყდა. ყველგან ისმოდა. ყველაფერი აქ ისეთი პატარაა, ყველა ყველას იცნობს, ყველას ყველგან ყველაფერი ესმის. საითაც უნდა წავსულიყავით, ყველგან საქორწილო სიგნალების ჭყვიტინი აღწევდა. მერეღა გამახსენდა, რომ სიღნაღი ქალაქი–ზაქსია :)

გავუყევით გზას და მადლიანმა შემოდგომამაც თავი იჩინა: ზღმარტლი, ბროწეული და მაყვლის ბუჩქები მთელი გზის პარალელურად. როცა გინდოდა, რამდნსაც გინდოდა, იმდენს მოწყვეტდი და ჰემოგლობინიც სიხარულით დაიწყებდა ხტომას :) როცა მზემ ჰორიზონტს ალმაცერად გადახედა, ჩაყვითლებულ ხეებს თითქოს შერცხვათ და გაწითლდნენ. ამასობაში გალავანსაც მივუახლოვდით და ღია სივრცისკენ გადავიხედეთ. ჩვენ წინ არაფერი იყო, გარდა ღია მინდვრის ზღვისა, რომლის ბოლოს წამომართული კავკასიონი, თითქოს, გიგანტური ცუნამივით ამოზიდულიყო და მალე ჩვენს წასალეკად წამოვიდოდა. ოოო, იქ ვიგრძენი, რას ნიშნავდა ბუნების სიდიადე და უსასრულო ძალაუფლება.

ჩვენი იმედი :)

იმ საღამოს სახლში ერთ საათს ვეწვალეთ საცოდავი ფეჩის დანთებას. ისე იყო დაჩაჩანაკებული, რომ ზედმეტი შემორტყმა და თვითონ დაიწვებოდა. კიდევ ერთ საათს ვუცადეთ წყლის ადუღებას, მერე სპაგეტი მოვხარშეთ და ძეხვი შევწვით. ჩემი კულინარობის ჯერიც დადგა: ყველაფერი ეს ერთმანეთში ავურიე, დავამატე კეჩუბი და არაჟანი და, უი, რა გემრიელი ყოფილა! ;) როცა ოთახი კარგად გაღუღუნდა, გულახდილი საუბრების დრო დადგა. პრინციპში, ბევრი ახალიც არ გვითქვამს ერთვის ერთმანეთისთვის, მაგრამ მაინც. სამაგიროდ ბევრი ვიცინეთ. ჯეფ ბაკლის “ალილუიას” მოვუსმინეთ და დავფიქრდით ცოტა ხნით.

ნეტა, რას იფიქრებდა ის, ვინც ამ დროს ფანჯარას შიგნიდან უყურებდა :)

როცა ორ შტერუკას ვუყურებდი, ვხვდებოდი, რამხელა ნდობა მქონდა დაკისრებული. იცინოდნენ, სულელობდნენ და თან იცოდნენ, რომ გულის სიღრმეში მაინც საშიშია ამ სიცივეში, თითქმის სრულიად მარტო ყოფნა ქალაქში, სადაც ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს. მივხვდი, რომ მათ მეც ისე ძლიერ ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს :P …დაიწყო სენტიმენტოც. ყველამ ჩვენ–ჩვენი ისტორიები მოვყევით, გავიხსენეთ, როგორ გვიყვარდა ბებია–ბაბუა, ბავშვობის წლები, სკოლა, ტელეფონზე დარეკვა და ხალხის გაშაყირება და ა.შ. მერე ძველი გარდერობები გავხსენით და უუუამრავი ტანსაცმელი აღმოვაჩინეთ. არიქა, ატყდა მოდების პაკაზი. ხან მეეზოვე ვიყავი, ხან ეჭვიანი ქმარი და ხანაც – “მზია დეიდა” :D ნომინაციაში “საუკეთესო ციალა”, ორივე გოგომ გაიმარჯვა.

დღე II

მეორე დილით 6 საათზე წამოვცვივდით, ირინამ კარის გაღების ხმა გაიღო. რა თქმა უნდა, მოელანდა. 2 საათი გაყინულ ოთახში გავატარეთ რძიან ყავასთან ერთად. მერე გოგოებმა იკადრეს ლოგინიდან ფეხის გამოყოფა და გუშინდელი ნაბოდიალები სუფრა და გარდერობი დავალაგეთ. ამასობაში 9 საათიც მოვიდა და მაილსს დავურეკეთ. გოგოებს რომ პორტუგალიური წარმოშობის ამერიკელი მოეწონათ, იმას :) დავგეგმეთ, რომ ბოდბეში ერთად გავისეირნებდით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მაილსიც შემოგვხვდა… და დაიწყო გზა, რომელსაც რამდენიმე საათი და 9 კილომეტრი მოვანდომეთ.

მშვენიალური იყო. ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ხილი ვკენკეთ და, რაც მთავარია, ბევრი გავიგეთ ერთმანეთზე. საბრალო მაილსი აქ, ამერიკის სამშვიდობო ორგანიზაციის პროგრამით, მოხალისედ ჩამოვიდა და, როგორც აღმოჩნდა, ბევრი შეზღუდვა დაუწესეს: არ შეიძლება სხვა ქალაქებში გადაადგილება, არც გათამაშებებში მონაწილეობა და კიდევ ბევრი რამ. ოჯახში, სადაც ცხოვრობს, სრულ სიცივეში ეძინა და 3 ჯემპრი და 2 შარვალი ეცვა. “პლეტა”, რომელიც ჰქონდა, ოჯახმა დაისაკუთრა. კარგად უვლიან თურმე, მაგრამ რომ ცივა, იმას ვერ ხვდებიან!!! ჰოდა, ჩვენი რჩევით, ვუთხარით, როგორ ეთქვა მასპინძლისთვის პლეტა მინდაო და დაიბრუნა გათბობის ერთადერთი წყარო.

ფეხით სიარული ირინასთვის დამღლელი აღმოჩნდა და ყველაფერზე ბრაზდებოდა. დანარჩენებს კი არა გვიჭირდა რა. მაილსს ვუთხარი, რომ უკვე წარმომედგინა, როგორ მომენატრებოდა სიღნაღი და ეს ორი დღე. ასეცაა, უკვე მენატრება იქაური ბუნება, ემოცია, განცდები, ყველაზე ყველაფრისმცოდნე ხალხი.

სახლში მისვლამდე ისე გვშიოდა, რომ ერთ ხანს კოშკის რესტორანთან ვისხედით და სამზარეოულოდან ამოსული მწვადის სურნით ვიკვებებოდით. მერე სახლში კალბასსა და პურს ვეცით და მაილსიც დავპატიჟეთ. პრინციპში, იმან დაგვპატიჟა – აქეთ გადაიხადა საჭმლის ფული :D

სადღაც სიღნაღსა და ნუკრიანს შორის

ბოდბე

მცდარი გზა 9 კილომეტრი დაგვიჯდა :)

მაილსმა, რა თქმა უნდა, ამერიკულად გაიღიმა, მაგრამ ვუთხარი, რომ არაა აუცილებელი :))

აი, ამ ადგილასაა ის რესტორანი, ნიავი მწვადის არომატს რომ ატრიალებს :P

მონდომება თქვი და საერთო ენას ყოველთვის გამონახავ ;)

როცა თბილისში ვბრუნდებოდით, გზაში თითქმის სამივეს გვეძინა. როცა გამეღვიძა, სევდიანი ფიქრები ამეკვიატა სამყაროზე, რომელიც ისე პატარაა, რომ შორეული მეზობლის გადაძახილი გესმის და, ამავდროულად, ისე დიდია, რომ 100 მოგზაურობითაც ბოლომდე ვერ შეიცნობ. ალბათ, არც უნდა ეცადო ამას. ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ეს ადგილიც დაკარგავს თავის აზრს.

ყოველთვის მინდოდა, ყველაფერი არასტანდარტულად მენახა. ისე, როგორც ამას სხვები არ/ვერ ხედავენ. სიღნაღის შემთხვევაშიც ასე იყო და ამიტომაც ვწერ პოსტს ასე ანთებული, თორემ იქ ადრეც ვიყავი, მაგრამ მაშინ ყველაფერი ჩვეულებრივად, ტურისტის დონეზე იყო.

ნოსტალგიამ დიდხანს არ გასტანა, მაგრამ ვიცი, კიდევ მრავალჯერ დაბრუნდება და შემახსენებს თავს. მე კი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება სპონტანური გადაწყვეტილებაა. ამაზე თუნდაც ეს სურათი მეტყველებს ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

20 thoughts on “სპონტანური სიღნაღი

  1. ani

    კაი იყო :))) ირინას აშკარად ცუდად ეძინა, ჯერ მოელანდა რო მე გავედი გარეთ, მერე მოელანდა რომ სახლში ვიღაც კაცი დადიოდა :)))))) წინაზე რო სიღნაღში მყავდა ძროხა იყო და ეშმაკი ეგონა და აშკარად ცუდად მოქმედებს მაგაზე იქაური ჰაერი :))))))))))))))))))

    1. zurriuss

      ხომ იცი, მაღალმთიანი რეგიონები მაინც საშიში ზონაა და ყველა ვერ უძლებს :)))

  2. DreaMar

    მშვენიერი დრო გიტარებიათ :) facebook-ზე როგორც კი დავათვალიერე ფოტოები, მაშინვე დავინტერესდი თქვენი ვოიაჟით სიღნაღში :) P.S ტელეფონზე დარეკვა და ხალხის გაშაყირება მეც ძალიან მიყვარდაა:)

  3. irinka

    :P ტუტუც :))))) ისიც დაამატე რატომ ვიყავი გაბრაზებული, თორემ დაღლიოები ყველა ვიყავით :| :)))))))

  4. Dodka

    არ ვარ ნამყოფი.

    ველოდები ციფრულ კამერას, რომელიც იქით კვირაში ჩამომივა. მეც მინდა ასეთი რეპიორტაჟები! :დ

    1. zurriuss

      ვერ გავიგე, მარა არაუშავს ;)
      ისე, თევზს (ანის) უნდა ვკითხო შენზე. ვინ ხარ, რა ხარ და ა.შ. ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »